სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

ბიჭი, რომელიც ნამგალა მთვარეზე იჯდა

იყო და არა იყო რა. იყო ერთი ბიჭუნა, რომელიც ირმის ნახტომის გალაქტიკაში ცხოვრობდა და ელოდებოდა, დედამიწაზე როდის დაიბადებოდა. ბიჭუნა უბრალო ბიჭი არ იყო, ვარსკვლავების ციმციმა მტვრის, სიკეთის მარცვლების, სინათლის სხივების და კოსმიური ქარების შეხვედრის წყალობით იყო შექმნილი და ამიტომ, სრულიად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებული ბიჭი იყო. ბიჭუნას ყველაზე ხშირად ნამგალა მთვარეზე ჩამოჯდომა და ფეხების ქნევა უყვარდა. მეტი რა საქმე ჰქონდა, იჯდა და ელოდა, ღმერთი როდის უპოვიდა შესაფერის დედას გალაქტიკაში , რომ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ დაბადებულიყო. რახან ვთქვით, რომ ბიჭუნა უბრალო ბიჭი არ იყო, ღმერთიც განსაკუთრებულად ეძებდა ბიჭისთვის საჭირო დედას მთელ გალაქტიკაში. უცნობია, ღმერთი დედას რა კრიტერიუმებით არჩევდა, მაგრამ მისი ღმერთული გემოვნება ვერცერთმა ქალმა ვერ დააკმაყოფილა. ბევრი დაიწუნა, ბევრი დედა თავიდან თვალში მოუვიდა, მაგრამ მერე მისი ღვთიური იმედი საშინლად გააცრუა, ამასობაში კი საუკუნეები გავიდა. ბოლოს ისიც კი იფიქრა ღმერთმა, მოდი ანდრომედას გალაქტიკას გადავავლებ თვალს, თორემ ამ ირმის ნახტომში კარგი დედების მარაგი მთლიანად ამოწურულაო.მაგრამ იცოდა, რომ ბიჭუნა ირმის ნახტომის გალაქტიკაში იყო შექმნილი და სხვაგან წასვლა მის გულს სევდით აავსებდა. ბიჭუნას გული სევდით როცა ივსებოდა, მთელი გალაქტიკის ვარსკვლავები კაშკაშს უკლებდნენ და მიმქრალი თვალების ნაბვას იწყებდნენ. ასეთი ჩაბჟუტული გალაქტიკის ყურება კი ღმერთს საშინლად არ უყვარდა.

დაუთვლელი დროის შემდეგ, ერთხელ ძებნიდან ახალმოსულ დაღლილ ღმერთს ბიჭუნამ სთხოვა, მოდი, ერთ დღეს მე გამოგყვები საძებნელად, იქნებ თავად მომეწონოს რომელიმე დედაო. იფიქრა ღმერთმა, იფიქრა და მიხვდა, რომ სხვა გზა აღარ იყო. ამიტომ მეორე დღეს დედის საძებნელად ბიჭიც გაიყოლა. მეცხრე პლანეტა, სადაც ღმერთმა და ბიჭუნამ შეიარეს, დედამიწა იყო. განსაკუთრებული აქაც არაფერი, ჩვეულებრივი დედები ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ დედამიწური ცხოვრებით. ის იყო ღმერთმა და ბიჭუნამ უკან გამობრუნება დააპირეს, უცებ ბიჭუნამ ევრაზიის კონტინენტზე, ორი ზღვის შუაში და დიდი, თოვლიანი მთების ძირას, პატარა ქალაქის დასავლეთით, მატარებლის სადგურზე ახალგაზრდა კაცი შენიშნა. სამსახურიდან დაღლილი, სახლში დაგვიანებული კაცი მატარებლის გასვლას ელოდა, ჯიბეებში გრძელი, კეთილი თითები ჰქონდა ჩაწყობილი, წარბები კი ფიქრებით შეჭმუხვნოდა. მატარებლიდან კაცი მისი პატარა სოფლის სადგურზე უნდა ჩამომხტარიყო, მერე კი ფეხით გრძელი გზა ევლო, სახლში რომ მისულიყო. კაცს რამდენიმე წამი დააკვირდა და უცებ ბიჭუნას თვალებში უცნაური შუქი გაკიაფდა. – მოდი, ამ მგზავრს სახლმდე გავყვები, შენ აქ დამელოდე – მოულოდნელად თქვა და მატარებელიც დაიძრა. ღმერთი სადგურზე დარჩა და გარშემო მიმოიხედა. სადგურს გაქუცული შენობა ჰქონდა, ლიანდაგებს შორის ბალახი ამოსულიყო, საღებავგაცრეცილი სკამების ქვეშ უპატრონო ძაღლები თვლემდნენ. -რა უღმერთო ქალაქია – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ბიჭუნას ლოდინი მოთმინებით განაგრძო. ბიჭუნა რომ დაბრუნდა, თვალებში ის უცნაური შუქი უფრო უკაშკაშებდა. – იცი რა, შევწყვიტოთ დედის ძებნა, მე იმ კაცის შვილი ვიქნები და ჩემი დედაც ის იქნება, ვისაც ეს კაცი აირჩევს. – მტკიცედ თქვა და თვალებიდან უცებ ისეთი ციმციმები დაუცვივდა, ცაზე ვარსკვლავები ორმაგად აკიაფდნენ. გაკვირვებულმა ღმერთმა ღვთიური დავთარი ჯიბიდან ამოაძვრინა და შიგ ბიჭუნას რჩეული კაცის ძებნა დაიწყო. -არ არის ეგ ყმაწვილი ცოლის მომყვანი, ცოლი კი არა, შვილის გაჩენაც არ ეპიტნავება და ტყუილად დაუწყებ ლოდინს, მერწყულის ეტლისთვის გამომიყოლებია თავის დროზე, ეს რომ მცოდნოდა, კუროს ან კირჩხიბს მოველაპარაკებოდი და ადრე დაოჯახდებოდა. – იმედგაცრუება დაეტყო ღმერთს ხმაში. – არა უშავს, დაველოდები, თუკი შვილის ყოლას არ მოინდომებს, არც მე მომინდება სხვა კაცის მამობა – სევდიანად ჩაილაპარაკა ბიჭმა. -რა შენიშნე, კი მაგრამ იმ ახალგაზრდა კაცს ასეთი განსაკუთრებული? – გაოცებით იკითხა ღმერთმა. – მე მას სახლამდე მივყევი, ყველა ფიქრს მოვუსმინე, რაც გაიფიქრა, ყველა დარდი გავიგონე, რაც იდარდა, ყველა ოცნება დავინახე, რაც წარმოიდგინა. მისი გული გავსინჯე, მის სულს სინათლეზე გავხედე და რაც იქ დავინახე, იმან მიმახვედრა, რომ სხვა მამა არ მინდა – მტკიცედ თქვა ბიჭუნამ. – იყოს ნება შენი – საჩქაროდ დათანხმდა ღმერთი, უკვე გვიანი ღამე იყო, ავდარს აპირებდა და ცხრავე ცა იქამდე უნდოდა გაევლო, სანამ თავსხმა წვიმა დაიწყებოდა. …. ცხრა წლის შემდეგ თბილისის ერთ – ერთ სამშობიაროში ერთმა უბრალო, არაფრით გამორჩეულმა ქალმა იმშობიარა. ბავშვის მამამ დედა და ჩვილი მალევე მოინახულა. იდგა ახალგაზრდა კაცი, ახალდაბადებულ შვილს უცქერდა და გული სიხარულით ევსებოდა. ბიჭუნამ ჩუმად ახედა მამას, მისი გრძელი, კეთილი თითები დაინახა, დარწმუნდა, რომ იმასთან მოხვდა, ვისაც 9 წელი ელოდა და დამშვიდებულმა თავი ისევ დედის მკერდზე დადო. … შემოდგომის იმ ღამეს, მეტეოროლოგების ჩანაწერების მიხედვით, ცაზე ვარსკვლავები უცნაურად კიაფობდნენ. ნამგალა მთვარე მთელი ღამე სამშობიაროს დარაჯობდა. ღმერთი კი მეცხრე ცის ზღურბლზე ჩამომჯდარიყო, კეთილად იღიმებოდა და ფიქრობდა: “ნეტავ, რა დაინახა ბიჭუნამ იმ ახალგაზრდა კაცის სულს სინათლეზე რომ გახედა?” მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხი უკვე მიმდევნო ზღაპრის თემაა.

თამთა დოლიძე