სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

მთვარე, კატა და საშობაო ღვეზელი

თუ საშობაო ღვეზელის გამოცხობას გადაწყვეტ, ეს იმას ნიშნავს, ცაში დაბრძანებული მთვარის შენს ეზოში, ზედ აკაციის წვერზე დასკუპება არის საჭირო. მთვარე ამ დროს აუცილებელი კომპონენტია, რადგან როცა ღვეზელს აცხობ, ზუსტად უნდა გადმოიხატო მთვარე, იმისათვის, რომ ღვეზელი მას მაქსიმალურად დაამსგავსო.

ამ დროს შენი აბეზარი კატა აუცილებლად უნდა მიაძინო ღუმელთან, თორემ შეიძლება გარეთ გაიზლაზნოს და მწვანე თვალების კვესით სულ გადაკარგოს გულგახეთქილი მთვარე არე-მარედან.

ცომი ფაფუკი, ფხვიერი ფქვილით უნდა მოზილო და ღუმელთან რომ დადგამ, აუცილებლად მამის ნაქონი სვიტერით უნდა შეფუთო, რომელსაც წიწვების სუნი ასდის. ეს ცომის უკეთ ამოსვლას შეუწყობს ხელს.

იფიქრებს ცოტას ეს ცომი, მოითენთება, წათვლემს და ღრმა ძილში ისე აფუვდება, ჯამიც ვეღარ დაიტევს.

მერე უკვე ვიფარებთ წინსაფარს და მაგიდაზე ფქვილს თოვლივით ისე მიმოვფანტავთ, როგორც პირველი თოვლი წვება მშრალ, ყვითელ მინდვრებზე – ანუ არც ბევრი და არც ცოტა. ამგვარად შეფიფქულ მინდორზე ვდებთ დაძინებული ცომის მომცრო ნაჭერს და კომბლეს ჯოხით ვაბრტყელებთ. აქეთ – იქეთ, აქეთ – იქეთ, მხნედ, ენერგიულად და საბოლოოდ თეთრ, მრგვალ ფურცელს მივიღებთ, რომელზეც ბებიების დაფშვნილი ყველი უნდა დავყაროთ.

ამ დროს აუცილებლად ვბუტბუტებთ იმ ადამიანის სახელს, რომლისთვისაც ამ ღვეზელს ვაცხობთ.

"მთვარევ, მთვარევ, გააყოლე შენი სხივები იმის ცხოვრებას, გაუნათე ცხოვრების ბნელი დღეები, როცა გზა დაებნევა. ჩამოუჯექი ფანჯარასთან და შეუდექი მის დარდიან სულს, როცა სევდა მოერევა. გახადე მისი ცხოვრება ღვეზელივით ჯადოსნური და სასწაულებით სავსე"

ამას ვბუტბუტებთ და ორად გაჭრილ კვერცხებს ვალაგებთ დაფშვნილ ყველზე. მერე კი ცომს ლამაზად და მჭიდროდ მოვუკრავთ თავს, ისე, რომ შელოცვა ცხობის დროს გარეთ არ გამოიპაროს.

გავცქერით აკაციაზე მოთმინებით ჩამომჯდარ ნახევარმთვარეს და ცომს ყურადღებით ვაძლევთ მთვარის ზუსტ ფორმას. მერე კი გახურებულ ღუმელში შევდგამთ და კატასთან ერთად ვიწყებთ ვეებერთელა ნერწყვის ყლაპვას

ჩემი ღვეზელიც ასე მოვამზადე და როცა ის გამოცხვა, მე უკვე თაფლისფერი, კამკამა ჩაი მზად მქონდა და შიგ ლიმონის ნაჭერს ცურვა დაწყებული ჰქონდა.

ღვეზელი რომ გავჭერი, ამისთვის მზად სახლში არავინ იყო, ამიტომ ამივარდნილმა სურნელმა ბებია სავარძლიდან წამოახტუნა, მამას და ტელევიზორს ხმა ერთდროულად ჩაუგდო და დედა მეთვრამეტე სიზმრიდან უცებ დააბრუნა პირველში.

ცომი იყო ისეთი ფაფუკი, როგორც მატყლის საბანი დეკემბრის ღამეს.

ყველი ცხელ, სქელ რძესავით ჩამომეღვარა თითებზე და თან შორეულ, მწვანე საძოვრებზე შუადღის საგზლების გემო მოიტანა.

კვერცხის გული იყო ფადფარაჯას ქვასავით ყვითელი. გარსი კი ნამდვილ, თეთრ აქატს ისე ჰგავდა, ბებიამ ხელი დაავლო და სასწრაფოდ მის საიდუმლო ტომსიკაში ჩაუძახა.

მივირთმევდი ამ ღვეზელს, გავყურებდი აკაციის წვერზე დამჯდარ მთვარეს და იმაზე ვფიქრობდი, ვისაც ეს ღვეზელი გამოვუცხვე. მისი გზები მუდამ განათებული, ცხოვრება – ამ ღვეზელივით გემრიელი უნდა იყოს, მისი მომავალი კი შობის ღამის ახდენილ სასწაულს უნდა ჰგავდეს.

თამთა დოლიძე