სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

ექოსებური აზროვნების სინდრომი ანუ ოკუპანტის ფრთებქვეშ ნაპოვნი საკუთარი თავის ცრუ რეალობა

დიახ! არ უნდა შემოვუშვათ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში რომელიც ცალსახად, საჯაროდ ამართლებს ოკუპაციას და ყველაფერს აკეთებს ოკუპაციის არაღიარებისთვის.
მოდი, დავსვათ კითხვა: ვინ შეიძლება ცდილობდეს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხელყოფას? ვინ არის ოკუპანტი? უფრო ფართო მასშტაბით- ვინ არის მტერი? რა მიზნით, ფორმით და საშუალებით მოქმედებს იგი?
მტერია სახელმწიფო, რომლის მიზანია გააუქმოს შენის სახელმწიფოებრიობა, მოგაქციოს მისი გავლების ქვეშ. წაგართვას აზროვნება, ტერიტორია, სიმდიდრე. ერთი სიტყვით, თავის ჭკუაზე მოიხმაროს ხალხიც და სივრცეც, რომელსაც ეს ხალხი სახელმწიფოს უწოდებს. ამ მიზნის მისაღწევად იგი იყენებს ყველა მეთოდსა თუ საშუალებას: როგორც სამხედრო ძალას, ასევე სიტყვის ძალას-საინფორმაციო-იდეოლოგიურ ომს. რომლის შედეგები შეიძლება უფრო მძიმეა, ვიდრე პირდაპირი სამხედრო მოქმედებისა.
არის თუ არა ასეთი ქვეყანა რუსეთი? ცხადია, არის. მე არ მჯერა მეგობრული რუსეთის არსებობის. მეგობარი რუსეთი ბუნებაში არ არსებობს, არც არასდროს არსებულა!
არ არსებობს იმიტომ, რომ არ აღიარებს შენს სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას. ბოლო 200 წელზე მეტია გემუქრება, გებრძვის, გაშინებს, ძალადობს,გკლავს. ამ ხნის მანძილზე არ ასრულებს არცერთ მნიშვნელოვან შეთანხმებას; გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა; გაგვიუქმა ავტოკეფალია; გვართმევდა ენას; გასაბჭოება; რეპრესიები; თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა; ინტელექტუალური რესურსის განადგურება – ჩამონათვალი დიდია. სამაგიეროდ, გამოზარდა მონობისკენ მიდრეკილი მანქურთებისა და სასარგებლო იდიოტების მთელი თაობები. შემდეგ ისევ ომი და ოკუპაცია. ოკუპაცია, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება. თავის ჭკუაზე, სადამდეც უნდა გადმოწევს მავთულხლართებს- აწესებენ საზღვრებს. (ამას ჩვენ ვეძახით ოკუპაციას თორემ, ვინმე ბენო ქაშაკაშვილი იტყვის-“რა ოკუპაცია! ჰა, ჰა 500 მეტრით თუ გადმოსწიეს საზღვარი”). ესაა მოკლე ჩამონათვალი მთელი უბედურებებისა, რაც ამ ბოროტების იმპერიამ დაგვმართა.
ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი ასეთად დაიბადა და ასეთ სახელმწიფოდ არსებობს თავისთავად, ამ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხისგან განყენებულად? თუ ვინმეს ასე ჰგონია, გეტყვით რომ – არა! ასეთ სახელმწიფოს ქმნიან ადამიანები, რომლებსაც სურთ მოგვექცნენ ისე, რასაც ზემოთ მოგახსენებდით. ამგვარმა ადამიანებმა შექმნეს სისტემა, რომელმაც ერთის მხრივ, პირდაპირი მნიშვნელობით, ფიზიკურად გაანადგურა სამშობლოს მოყვარული პატრიოტი, განათლებული, შრომისმოყვარე, ღირსეული და თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არასდროს ეგუებოდნენ მონობას. ხოლო, მეორეს მხრივ, გამოძერწა მოქეიფე, დამპყრობელის მუსიკაზე მოხტუნავე მოქალაქეთა მთელი კასტა, რომელთა ძირითადი ღირებულება ტაშ-ფანდური და კონფორმიზმია. საუბედუროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს ასეთია. სწორედ ასეთი საქართველო უყვარს ნებისმიერ რუს იმპერიალისტ იდეოლოგს, როცა ,,საქართველოს სიყვარულის“ გამო ცრემლად იღვრება. სწორედ ასეთი პატარა ადამიანებით არის დაკომპლექტებული ჩვენი დღევანდელი ხელისუფლებაც. რუსი დამპყრობელი ხარ? -იგრიალე ოქრო! განგიცხადებს რომელიმე ქველმოქმედად შერაცხული ოლიგარქის ბიჭის ქვეშევრდომი, დღეს პრემიერის სტატუსით და გადაჭიმული სახით. მაშინ, როცა მთელი ქვეყანა ამოკეტილია, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტების-პუტინის მეხოტბეთათვის დაუშვებს ჩარტერს, დაამზადებს საშვებს, დაატარებს ესკორტით და მიაბრძანებს, იქაური და აქაური პუტინისტებისთვის მოწყობილ წვეულებაზე. ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათის პირობებში, ამგვარი პრივილეგიებით სარგებლობა თავისთავად არანაკლები პრობლემაა, თუმცა ამ თემას აქ არ შევეხები.
მთავარ სათქმელს რომ დავუბრუნდეთ- მტერი მტერია ტანკშიც, ხელში ავტომატითაც და ტელევიზორშიც. ოკუპანტი არ არის მხოლოდ ფორმა. ოკუპანტი უფრო შინაარსია. ოკუპანტის შეფასებისას (შინაარსი რომ განვმარტოთ) უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპაცია არის კონკრეტული სისტემა, კონკრეტული ადამიანებით გამოხატული. ანუ თავისთავად კალაშნიკოვი ან რომელიმე ,,T“ მერაღაცამდენე ჯავშანტრანსპორტიორი კი არ არის მტერი და ოკუპანტი, არამედ მტერი და ოკუპანტია – ადამიანი, რომელიც ამ რაღაცებს შენსკენ მომართავს და გესვრის. ანუ ოკუპანტია ინდივიდი თავისი ქმედებით,პოზიციით, იდეოლოგიით, მიზნით და სურვილებით- თავისი კეთილდღეობის ან სხვა მოტივით წაგართვას შენი საკუთრება და მიითვისოს. ცხადია, ყველა ჯარისკაცი ვერ იქნება. თავის მხრივ, ძალადობაც ხილული აქტია და მოძალადის იდენტიფიცირება არ არის რთული. სწორედ ამიტომ სცენაზე შემოდის იდეოლოგიური დამუშავების მექანიზმი. ძირითად შემთხვევებში, ჯარისკაცების მამოტივირებელი ძალა სწორედ პროპუტინისტური იდეოლოგების მოღვაწეობაა. შესაბამისად რუსეთი, სამხედრო ძალის პარალელურად და მის გარეშეც, იყენებს სიტყვის და ყალბი ინფორმაციის ძალას. ქმნის გამრუდებულ, ყალბ რეალობას, რომ ისედაც საბჭოთა წარსულით გამორეცხილი თავების ხელახლა გამორეცხვით, გააცოცხლოს დედა რუსეთის უძლეველობისა და მეგობრობის მარადიული სიყვარული.
ნაწილობრივ გამოსდის კიდეც. რადგან ხალხი მიჩვეულია ექოსებრ აზროვნებას. რაც იმაში გამოიხატება, რომ გაუქმებულია აზროვნების შესაძლებლობა და ტვინის ფუნქციად დარჩენილია მხოლოდ მოსმენილი ყალბი მესიჯბოქსის უდანაკარგოდ გავრცელება. (თუ სამთავრობო არხების და მხარდამჭერების სივრცეებს დააკვირდებით ამას ადვილად შეამჩნევთ).
ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ოკუპანტი სახელმწიფო ცეცხლსასროლი იარაღით გიტევს თუ სიტყვით, ორივე შემთხვევაში მტერია. მტერია პოზნერიც. თავისი თანმხლები ამალით. რომელთა საყრდენი წერტილიც სწორედ, რუსეთუმე, სასარგებლო იდიოტები არიან. (აკი, ივარგეს კიდეც ქართველმა მეგობრებმა).
პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, თავისი არსით არ გახლავთ ამორფული მოვლენა. იგი ძალიან კონკრეტულია, რადგან მისი მატარებელი ინდივიდის ფორმას იძენს. ინდივიდში განსხეულდება. (ასევეა, სამშობლოს ღალატი და არსიყვარული, ანტიეროვნული კონფორმიზმი).
საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო და დღესაც არის ოკუპაციასთან მებრძოლი პატრიოტი, თავისუფალი ადამიანების ჯგუფები. რომელთა მხრებზეც გადის ეროვნული ღირსების დაცვის ძირითადი ტვირთი. რომელთა მეშვეობითაც, (ღალატის, მტერთან ფლირტის, უამრავი გამყიდველის პირობებშიც კი), საბოლოო ჯამში, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქართული სახელმწიფოს იდეა ყოველთვის იმარჯვებდა. სინამდვილეში საქართველოს ისტორია ოკუპაციაზე და მონობაზე თავისუფლების გამარჯვების ისტორიაა. ასეა დღესაც. თავისუფლების და სამშობლოს სიყვარული სწორედ იმ აქტივისტების სახით იყო წარმოდგენილი, რომელთა პროტესტმა ღირსება შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას. მართალია ანტიეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერები და თავად ხელისუფლებაც ათას შეთქმულების თეორიებს თხზავენ სიმართლის გასამრუდებლად და აქტიურად ისვრიან ტალახს ამ ადამიანების მისამართით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ამბავი არახალია და მომავლის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ტალახის მსროლელთა და მათ მოკავშირეთა, (უკლებლივ ყველას), არსებობის ჯამი ისტორიაში დარჩება სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანების სახელებზე დაყრილი მტვრის სახით. მხოლოდ მტვერი, რომელსაც დრო ისე გაფანტავს, რომ მათი არსებობაც არავის გაახსენდება. ამის საპირისპიროდ, კი ისტორიის მთავარი მისია თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანთა სახელების უკვდავყოფაა.
ასე მჯერა და მინდა რომ არ ვცდებოდე.
31 მარტს აღნიშნული სტუმრობა, შემთხვევითი დამთხვევა რომც იყოს (რისიც გულწრფელად არ მჯერა), შინაარსით მაინც ამ მნიშვნელოვანი თარიღის დაკნინების მცდელობაა. სწორედ ამიტომ არის არშემოშვება სიმბოლური აქტი და ღირსების შენარჩუნების ერთადერთი იარაღი. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს ამგვარი ადამიანების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არშემოშვებას. როგორც აქტს ეროვნული ღირსებისა და თვითშეგნებისა. როგორც ქართველი ხალხის არჩევანის და პოზიციის დაფიქსირებას მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ეხება და ამარტლებს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას , გამოირჩევა მტრული განცხადებებით და ა.შ. არის მიუღებელი! ამიტომ, არ მესმის ამ კონტექსტში სიტყვის თავისუფლების დაცვის პრინციპი. ცხადია, სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, თუმცა ამ სიტყვას შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული რეაქცია. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს შენთვის მიუღებელი პოზიციის გაზიარებას. სიტყვის თავისუფლება მიუღებელი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობის მიცემაა.
​ბოლოს, ყველას გვაქვს ჩვენი წილი ბრძოლა. ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და გავიმარჯვოთ მონურ აზროვნებასა და ოკუპაციაზე. ყველამ საკუთარ თავში უნდა დაამარცხოს მიჯაჭვულობა მტრის ნარატივზე და თავისი თავიდან უკუაგდოს გარე მტრის დასაყრდენი შიდა მტერი.
ეს შეგვიქმნის სახელმწიფოს და ჰარმონიულ გარემოს ჩვენი მშვიდობიანი და შინაარსიანი ინტერესებით ტკბობის რეალიზებისთვის.
ამიტომ, შინაური სასარგებლო იდიოტების მიერ გაჟღერებული: ,,ურთიერთობები უნდა დავათბოთ“; ,,კანონი არ დაურღვევია“; ,,ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა“; ,,ეს არ გვეკადრება ქართველებს“ და ანტივაჟად შერაცხვის სამარცხვინო განცხადებები, სხვა არაფერია, თუ არა ოკუპანტის ფრთებქვეშ ნაპოვნ ცრუ რეალობიაზე დაშენებული მათი მონური შემგუებლობის გაშიშვლებით გამოწვეული რეფლექსიის და პატრონთან ბოდიშის განწირული სინთეზი.

აჰა ვაჟაც რუსეთზე: ,,მოგვშორდი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირსი არა ხარ აქ ყოფნისა? რა მარგე? რა გამიკეთე? არაფერი. დაღუპვისა და ზარალის მეტი. გამატიტვლე, გამაშიშვლე, წამართვი ლუკმაპური. მხედავდი მშიერ-ტიტველს, გეხვეწებოდი, გემუდარებოდი: შემიბრლე, მეც ადამიანი ვარ, მეც გრძნობა მაქვს, ნუ მიცქერი, როგორც პირუტყვსო. რომ გაგიჭირე საქმე თხოვნითა და ლაქუცით, ვფიქრობდი შენთვის გული მომელბო, ჩემზე ცოტა რამ მოწყალება მოგეღო, შენ მოწყალების ნაცვლად მოინდომე ჩემთვის ენაც მოგეკეთა, ენა, რომლითაც ჩემს ტანჯვა-ვაებას გიცხადებდი. სულ ის გინდოდა, გაჩუმებული, დადუმებული ვყოფილიყავი და ასე ნელ-ნელა, ჩუმად დამელია სული. შვილები ჩაგაბარე, – გაგინათლებო დამპირდი. ისე შენ მოგცას განათლებული, როგორც შენ ჩემი შვილები გაანათლე. რაც იცოდნენ, ისიც დაავიწყე, საღი ტვინი, საღი ჯან-ღონე, საღი გრძნობა მოუწამლე, მოუშხამე და ისეთები დამიბრუნე: ,,ჰა, შენი შვილები, გაიხარე იმათ სიკეთითაო!’’ არათუ გარეშე მტრებისგან დამიფარე, შენ თვით გადაიქეც ჩემს მტრად, შინაურ ჯალათად – დამადგი რკინის უღელი, ხელ-ფეხზე ბორკილი, დამიგე ქვეშაგებად ეკალი!”

და, კი რუსეთი ოკუპანტია!!!!

კუკური ბარამიძე