სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

არქიმედე მტრის მხარეს

„მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას!“’ არქიმედე

მოდი, ვთქვათ ასე – რუსეთი  მტერია!

რუსეთი მტერია, არა ჰიპოთეტურად, არამედ რეალურად, ფიზიკურად, ხელშესახებად.

200 წელზე მეტია  გვართმევს ხან ენას, ხან სარწმუნოებას, ხან  გენიოსებს, პატრიოტებს.

გვგლეჯს მიწას.   21-ე საუკუნეში, ახლაც, ყოველდღე, როგორც  კექსის ნამცხვარს ისე, გვაჭრის  ტერიტორიებს და  მავთულხლართებში ახვევს. გვტაცებს ადამიანებს. გვწამლავს.

არც იარაღს გვაკლებს, მაგრამ   უფრო აქტიურად  ე.წ.  ,,რბილ ძალას“ იყენებს. ანუ  თავისი თავის პოზიტიური მხარით წარმოჩენით და მიმზიდველი იდეებით  ქმნის  ველს, რაც შეიძლება მეტი  ,,რუსეთუმეს“  გამოსაზრდელად.

სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ რუსეთს განსაკუთრებით ბევრი მუშაობა არ სჭირდება.  ჯერ ერთი იმიტომ, რომ  ,,დიადი’’ საბჭოთა ეპოქის ადამიანებში ჯერ კიდევ არსებობს პოზიტიური მეხსიერება ,,დედა რუსეთის“ მიმართ და მეორეც იმიტომ, რომ  მუშაობს ,,ერთმორწმუნეს“  კეთილი შარავანდედი. ერთი სიტყვით,  ამ ბოროტებას  საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი აქვს  ჩვენს ქვეყანაში,  თავისი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად.

თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ რუსეთი მტერია, მაშინ ცალსახაა, რომ  საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც  რუსეთს  ,,ეტრფიან“ – მინიმუმ მტრის მეგობრები  გამოდიან. თავის მხრივ მტრის მეგობარსა და მტერს შორის ტოლობის ნიშანის დასმა  ნამდვილად  არ არის გონიერებას მოკლებული.

დიახ, ასეთი ადამიანები ჩვენგან ერთი ხელის გაწვდენაზე არიან. ისინი არ არიან უცხონი. ხშირად ეს შეიძლება ჩვენი ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი აღმოჩნდეს. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და ამ სიყვარულში არაფერია ცუდი.  დიდი ალბათობით მათი პოზიცია პირადი კეთილდღეობის მოტივითაა განპირობებული  თუმცა უმჯობესია გვჯეროდეს, რომ  ამ ადამიანებს კეთილი მიზნები ამოძრავებთ (გაუკუღმართებული მიმართულებით) და  ქვეყნის განვითარების მათეული ხედვა ,,მტერთან“   პოზიტიურ თანაარსებობაზე  და ,,ერთმორწმუნეობაზე“ გადის, უბრალოდ სხვაგვარად  ფიქრი არ შეუძლიათ. (მესმის, რომ  სუსტი მიზეზია, მაგრამ ამ  არგუმენტსაც აქვს არსებობის უფლება).

მიუხედავად  ასეთი ადამიანების მიმართ სიყვარულისა,  არ უნდა გავექცეთ  მათი პოზიციის სწორად შეფასებას.  მართალია შეუგნებლად მაგრამ მაინც მათი ამგვარი დამოკიდებულება, არსებულ ვითარებაში თითოეულ მათგანს  ჩვენი ქვეყნის  მტრად აქცევს. იმ გაგებით, რომ ზოგიერთი მათგანი შეგნებულად, ზოგიც თავისდაუნებურად დასაყრდენად და მტრის ხელში  იარაღად იქცევა – საკუთარი ქვეყნის განადგურებისკენ მომართულ იარაღად. (მაგ: ე. კვიციანის; ა. მარშანიას; ი. ინაშვილის და მისთანანის პარლამენტში ყოფნა სწორედ ასეთმა მოცემულობამ განაპირობა). ამის  გამართლება შეუძლებელია.   მათი   პოზიცია დაფუძნებულია   იმ პერიოდში ,,საამო ცხოვრებით“   ინსპირირებულ პირად განცდებსა და ემოციებზე, რომელიც ალბათ მათი ცხოვრების საუკეთესო მოგონებათა  რიცხვში  მოწინავე პოზიციებზეა გაბატონებული. (სინამდვილეში სახელმწიფოებრივი თუ ადამიანური ღირებულებების თვალსაზრისით იმ დროში არაფერი იყო საამო)  რაც თავის მხრივ გამორიცხავს  თავისუფლების,   ადამიანის უფლებებისა და  სხვა  თავისუფლებათა, აგრეთვე, პატრიოტიზმის, როგორც ასეთის მენტალური/გონებრივი გააზრების   შესაძლებლობას.    (ამას აქვს თავისი მიზეზები, თუმცა ამაზე ალბათ  სხვა დროს…)

ჩვენდა სამწუხაროდ,  მოქალაქეთა ამ ნაწილს  დიდწილად ასაზრდოებს საქართველოში  დღესაც მრავლად არსებული, ჩვენს მოსისხლე  მტერთან (პრორუსულ იდეოლოგიასთან და ბოროტების იმპერიასთან) დაკავშირებული სიმბოლოები. ასეთია მაგ: ქუჩების სახელწოდებები, ზოგი ქუჩა ბერიას სახელობისაა, ზოგსაც მოსკოვის  ქუჩა ეწოდება და ა.შ.

სწორედ  ეროვნული თვითშეგნების  კრახზე მიუთითებს, ჩვენს ქვეყანაში  ჯერ კიდევ არსებული,  დამპყრობელ ქვეყანასთან დაკავშირებული ქუჩების, მოედნების, სოფლების, დაბების საბჭოთა სახელწოდებები. (მაგ: ლავრენტი ბერიას, ივანე ვნუკოვის და ა.შ. სახელობის ქუჩები ზუგდიდში, მოსკოვის  ქუჩა  ოზურგეთში და ა. შ.)

სირცხვილია, რომ  ლავრენტი ბერიას დღესაც უკვდავყოფდეს რამე და პატივისცემას გამოხატავდეს მის მიმართ. (მაგ: გეოგრაფიულ ობიექტებს სახელწოდება სწორედ ამ მიზნით ენიჭება).  ბერია  ხელმძღვანელობდა მასობრივ ტერორს საქართველოში. მისი უშუალო ინიციატივით გაანადგურა საბჭოთა რეპრესიებმა უამრავი  მოაზროვნე და ქვეყნის სიყვარულით გამსჭვლული ადამიანი. (მაგ: სანდრო ახმეტელი; ევგენი მიქელაძე; პაოლო იაშვილი; მიხეილ ჯავახიშვილი და  უამრავი სხვა).

მოსკოვის ქუჩა არსებობს ჩვენთან ოზურგეთშიც. გამოჩნდნენ ამ ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევის ინიციატორებიც. დარეგისტრირდა პეტიციაც  ამ ქუჩისთვის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.   თუმცა  წარმოუდგენელი შედეგი დადგა.

საგანგაშოდ ბევრი იყო ძველი სახელწოდების დატოვების მსურველთა ანუ ,,მოსკოვის“ მომხრეთა რაოდენობა. ტრადიციულად, არც აგრესია აკლდა ამ ყველაფერს, არც პრორუსი ახალგაზრდა და არც ადგილობრივი საზოგადოების ორმაგი სტანდარტის მქონე აქტიური წევრები (ეს უკანასკნელი მართლა სამარცხვინო მგონია).

არცერთი რაციონალური და ლოგიკური მსჯელობის შედეგად მიღებული არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გადაერქვას ქუჩას სახელი,  არ   გაჟღერებულა  ,,მოსკოვის მხარდამჭერთა“ მხრიდან.  მიუხედავად ამისა,  მუნიციპალიტეტის საკრებულომ ვერ უზრუნველყო სახელწოდების ცვლილება (მით უმეტეს, როცა ამას კანონმდებლობაც ავალდებულებს). დღეს ამ ქუჩას ისევ მოსკოვის ქუჩა ჰქვია. გაისმა ერთგვარი კრიტიკაც ბენია ჩხიკვიშვილთან მიმართებაში (ბენია ჩხიკვიშვილის პერსონა სხვა საუბრის თემაა)   ვინც არ უნდა ყოფილიყო ბენია ჩხიკვიშვილი, ის საქართველოში „მოსკოვს’’ ნამდვილად არ უნდა დაემარცხებინა. ეს არის  ფაქტი, რომელიც პირადად ვნახე და ამიტომაც აქვს საილუსტრაციო  დატვირთვა. რა თქმა უნდა,  ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. მსგავსი მაგალითები თავზე საყრელად გვაქვს. თუმცა  მომავალი მაინც ბენიას (ბენია, ამ შემთხვევაში, სიმბოლური სახეა) ღვაწლის დამფასებელი ადამიანების არის, მე ასე მჯერა.

ჩვენ ვიცით, ვინ არის ბენიამინ  ჩხიკვიშვილი:  

ამის მიუხედავად:  ბენიამინ ჩხიკვიშვილი VS ,,მოსკოვის ქუჩა“  0:1.

სწორედ ასეთ შედეგებს ვგულისხმობ, როცა მტრის ხელში იარაღად მომართულ ადამიანებზე ვსაუბრობ. ასე იქმნება მტრისთვის ,,საყრდენი წერტილი“.  ხოლო თავად ,,საყრდენი  წერტილის“ მნიშვნელობა  არქიმედესგან უკვე  ვიცით.

კონტექსტის უკეთ გასაგებად მხოლოდ რამდენიმე ფაქტი  გავიხსენოთ ისტორიიდან:

1811 წელს რუსეთმა საქართველოში გააუქმა ავტოკეფალია;

1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა;

1989 წლის 9 აპრილი;

2008 წლის აგვისტოს ომი;

საქართველოს ტერიტორიის 20 %-ზე  მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ,  გავიხსენოთ შინდისის  გმირები, ოთხოზორია, ტატუნაშვილი და  სამწუხაროდ,  ძალიან ბევრი ასეთი ფაქტის მოყვანა შეიძლება.

და როდესაც ასეთი ადამიანები, თავიანთ სამშობლოში, იმ  შთამომავლების ხელით მარცხდებიან, რომელთა  მომავლისთვის ბრძოლასაც შესწირეს თავი;

 და  როდესაც ასეთი ადამიანები, თავიანთ სამშობლოში, იმ თანამოქალაქეების ხელით მარცხდებიან, რომელთა მშვიდობას და  კეთილდღეობას იცავდნენ მტრისგან,   

 დამიჯერეთ ასეთ სამშობლოში მხოლოდ  ჯიხვის ყანწი ვერაფერს შეცვლის!

თუ  ასეთი  გმირების აღზრდა გვინდა, თუ მშვიდობიანი მომავალის უზრუნველყოფა  ჩვენი სურვილია, მაშინ სხვანაირი ფიქრი გვმართებს. ყველა ჩვენგანმა უნდა მოუხმოს პასუხისმგებლობას, მოქალაქეობრივ თვითშეგნებას (ცხადია, ყველასგან  არც ველით და არც შეიძლება ვითხოვდეთ განათლებას, მაგრამ პასუხისმგებლობა  მომავალი თაობის წინაშე ყველას მოეთხოვება) და   მნიშვნელობას ნუ დაუკარგავს  თავისუფლებისთვის ბრძოლას, ნურც წარსულში და ნურც მომავალში.

ბაბუაჩემი 89 წლისაა. კუკური ჰქვია.  მას ახსოვს საბჭოთა კავშირის დასაწყისი. ე.წ. კარგი ცხოვრებაც და დამოუკიდებლობის  მოპოვებაც. ბაბუას  ღვიძლი ბიძა – მირიან ბარამიძე ბოლშევიკებს ებრძოდა. ეროვნულ  მთავრობას გაჰყვა კიდეც ემიგრაციაში და საფრანგეთში, ლევილის მამულშია დაკრძალული. 

ბაბუა ამბობს, რომ რუსეთი მტერია!  რუსეთი ოკუპანტია!

მეც კუკური  მქვია.

მეც ვამბობ, რომ  რუსეთი მტერია!!! რუსეთი ოკუპანტია!!!. 

კუკური ბარამიძე