სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

ახალი სადისკუსიო სივრცე ოზურგეთში – სტუდია ”ანტიბიოტიკი”

იანვრის ბოლოდან ოზურგეთში ახალი სადისკუსიო სივრცე გაჩნდება. სტუდია ”ანტიბიოტიკი” – ასე ქვია სივრცეს, სადაც ვიდეო-დისკუსიები მომზადდება და გადაცემის სტუმრები სხვადასხვა, დღეისთვის აქტუალურ თემაზე ისაუბრებენ. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს საინტერესო მოსაზრებები დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, რელიგიის, გენდერული თანასწორობის, პოლიტიკის, კულტურის და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ.

იდეა კუკა ბარამიძეს ეკუთვნის. ის ოზურგეთელი და პროფესიით იურისტია. როგორც თვითონ ამბობს, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ასევე გურიაში, ადამიანები დემოკრატიული ღირებულებების მინიმალურ სტანდარტზეც კი არ არიან შეთანხმებული.

”დომინანტია ძალადობა, განსხვავებულის მიუღებლობა, ყალბი პატრიოტიზმი, გაუკუღმართებულად გაგებული რელიგია. ჩემი სურვილია მოხდეს ერთგვარი ლუსტრაცია. ვინ რა ღირებულების მატარებელია. რა აზრი დომინირებს ჩვენს სინამდვილეში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა საზოგადოების წინაშე გამოიტანონ თავისი შეხედულებები, პოზიციები. რაც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, ჩვენ როგორც მოქალაქეები, რა ღირებულებებით და იდეოლოგიით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე. რას ვაშენებთ, რას ვტოვებთ მომავლისთვის. შევეცდებით, გავხსნათ სივრცე და მივცეთ ბიძგი მინიმალურ სტანდარტებზე შეთანხმებისთვის, რომ ჩვენი განსხვავებულობის მიუხედავად ყველანი ერთ სივრცეში ვცხოვრობთ და უნდა შევძლოთ თანაცხოვრება. ადამიანებს დავანახოთ, რომ ძალადობა დაუშვებელია. კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგით, შევეცდებით მცარი კლიშეების და სტერეოტიპების მორყევას. ადამიანებმა უნდა მივცეთ ერთმანეთს ამოსუნთქვის, ერთმანეთის გვერდით მშვიდი ცხოვრების საშუალება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით სტუდია ”ანტიბიოტიკი” მცირე წვლილს მაინც შეიტანს. თუ ერთ ადამიანს მაინც სასიკეთოთ დააფიქრებს ჩვენი დისკუსიებ, ჩავთვლი, რომ მიზანი მიღწეულია.” -ასეთია სტუდია ”ანტიბიოტიკის” იდეის ავტორის მოსაზრება.

დისკუსიათა ციკლი ინტერნეტ-სივრცეში იანვრის ბოლოდან გამოჩნდება და მისი ხილვა დაინტერესებულ მაყურებელს ფეისბუქ გვერდზე ”ანტიბიოტიკი” შეუძლია. გადაცემაში მონაწილეობა ღიაა ნებისმიერი შეხედულების, გემოვნების, რანგის და სტატუსის მქონე ადამიანისთვის. იდეის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის: მიეცეს ტრიბუნა ყველას, ვისაც სურს საზოგადოებასთან დიალოგი. როგორი ღირებულებებია სწორი, ხოლო რომელი მოსაზრებებია ნაკლებად მისაღები, ამასთან დაკავშირებით დასკვნას გადაცემის ავტორი, სტუმარი და მაყურებელი ერთად გამოიტანენ.