სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

პანთეონის იდეა ოზურგეთში ანუ ძია ლენინის ნაკვალევზე

ამბავი იმაზე, თუ რა ჯანდაბად გვინდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ოზურგეთში.

კონკრეტულ დროს რა მნიშვნელობა აქვს? და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირდა ელექტრონული პეტიცია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოწყობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის  შესახებ.  დარეგისტრირდა თუ  არა, მყისიერად გამოჩნდა მეორე ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ  პანთეონის იდეა მას მოპარეს. ის აცხადებს, რომ თვითონ ჯერ კიდევ 2008 წლიდან ითხოვდა პანთეონის მოწყობას და უმალვე, ოღონდ მატერიალურად, იმავე საკრებულოს წარუდგინა განცხადება,  არასრულებული ოცნების- სოფ. შემოქმედში პანთეონის მოწყობის შესახებ.

ერთი შეხედვით შეიძლება სასაცილოც კი იყოს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ადამიანებს პანთეონის მოწყობის იდეა რომ აწვალებთ, მაგრამ  მეორეს მხრივ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად შესაძლებელია ამ უშინაარსო (სულელურს არ ვიტყვი)  იდეას, მერიამაც და საკრებულომაც დაუჭიროს მხარი.

ვიდრე  მთავარ კითხვებს (მაგ: გვჭირდება თუ არა ოზურგეთში მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი და ა. შ.) გავცემთ პასუხს, მანამდე ცუდი არ იქნება გავიხსენოთ რა არის პანთეონი.  რა  ტრადიციები, წესები და კულტურა გვაქვს ქართველებს პანთეონთან დაკავშირებით, როგორია პანთეონთან დაკავშირებით მიდგომები მსოფლიოში და ა.შ.

პანთეონი ბერძნული წარმოშობისა სიტყვაა. “პან” ყველას ნიშნავს, ხოლო “თეოს” ღმერთს. ძველ რომში პანთეონი ყველა ღმერთის სახელზე აგებულ ტაძარს ეწოდებოდა.

,,პანთეონმა მხოლოდ მოგვიანებით მიიღო ის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენ ვიცით: რომ ეს არის ადგილი, სადაც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით პატივსაცემ ადამიანებს კრძალავენ. რომის ამ უძველეს პანთეონში მხოლოდ შუასაუკუნეებიდან დაიწყეს წმინდანებისა და მნიშვნელოვანი ადამიანების დაკრძალვა. იქ დაკრძალულია რამდენიმე იტალიელი მეფე, მათ შორის ვიქტორ-ემანუელ მეორე, უმერტო პირველი, წმინდანად აღიარებული დიდი ხელოვანი – რაფაელ სანტისი და სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ადამიანები. მსოფლიოში ბევრი პანთეონი არ არის. მათ ჩამონათვალში თვალშისაცემია საქართველოს პანთეონების რიცხვი: უესტმინისტერის სააბატო ინგლისში, რომის პანთეონი, პარიზის პანთეონი (წმინდა ჟენევიევას სახელობის ტაძარი, რომელიც პანთეონად რევოლუციის დროს გადაკეთდა), პანთეონი მეხიკოში, კომიტასის პანთეონი სომხეთში, პასტორ მატიას მაესტროს მემორიალური სასაფლაო ლიმაში და მთაწმინდის, დიდუბის, საბურთალოსა და გამოჩენილ აზერბაიჯანელთა პანთეონი თბილისში“.

ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი გაიხსნა 1929 წელს; დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ანუ დიდუბის პანთეონის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია 1915 წელს;  საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი გაიხსნა 1970-იანი წლების დასაწყისში.

თუ ავიღებთ ყველაზე ძველი პანთეონის გახსნის თარიღს – 1915 წელს, ვნახავთ, რომ  გახსნიდან 105 წლის შემდეგ, ყველა პანთეონი დახურულია. ანუ  შეივსო და ფაქტობრივად აღარ არის ტერიტორია ვინმეს დასაკრძალად.  ფაქტი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც  ამ საკითხთან დაკავშირებით, არა მარტო საზოგადოების, არამედ ხელისუფლებ(ებ)ის უშინაარსო დამოკიდებულებასაც ააშკარავებს.  105 წლის გასვლის  შემდეგაც კი არ არსებობს არც საკანონმდებლო რეგულაცია, არც სხვა  წესები, კრიტერიუმები,  საზღვრები რომლის მიხედვითაც მოხდება იმის განსაზღვრა, ვინ იმსახურებს  საზოგადოების მხრიდან (უმჯოესია მომავალი თაობებს მიერ) გამოხატული პატივისცემის და მადლიერების აქტს-პანთეონში დაკრძალვას.

კაცმა რომ თქვას, საერთოდ რა საჭირო ამ ტიპის, განსაკუთრებულად გამორჩეული  პანთეონები? მაგრამ თუ მაინცდამაინც გვინდა, მაშინ უნდა გვქონდეს გარკვეული კულტურა, მიდგომები და სტანდარტები,  პანთეონის იდეა ეროვნულ დონეზე რომ გამოვიყენოთ.

ნაციონალური  პანთეონი როგორც ასეთი, უნდა ატარებდეს საზოგადოების მორალურ ღირებულებათა სიმბოლურ დატვირთვას.  თან ეს ყველაფერი გამოწვეული უნდა იყოს კონკრეტული პერსონის მიერ, ქვეყნის, გარემოს, საზოგადოების განვითარების, ადამიანებისთვის უკეთესი გარემოს  შექმნისათვის განხორციელებული საზოგადოებრივი (საყოველთაო) მოქმედებების და გაღებული მსხვერპლის მასშტაბების გათვალისწინებით.  პირადი, მერკანტილური  მიზნებისგან დაცლილი, ამგვარი საზოგადო მოღვაწის გარდაცვალებიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ პანთეონში გადასვენება, უფრო საზოგადოების  წარმოჩენის, ეროვნული სიამაყის,  განვითარების თუ კულტურული იდენტობის  დაფიქსირების ჟესტია, ვიდრე კონკრეტული პერსონისთვის მნიშვნელობის მინიჭების აუცილებლად განსახორციელებელი ვალი. მაგ: ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, შოთა რუსთაველის (უცნობია სად არის დაკრძალული), გალაკტიონის,  და ა.შ.  გენიოსების  გაგება, შეცნობა და დაფასება-თუნდაც  პანთეონში დაკრძალვით გამოხატული, ჩვენ, საზოგადოებას გვჭირდება  და არა გარდაცვლილ გენიოსებს. მათ სიდიდეს ჩვენ ამგვარი მოქმედებით ვერაფერს ვმატებთ, ვერც ვაკლებთ. პირიქით ჩვენ გვემატება, ჩვენ ვფასდებით, როგორც საზოგადოება. ამდენად, თუ გვაქვს პანთეონი, შესაბამისად უნდა გვქონდეს მაღალი სტანდარტიც.  იმიტომ, რომ ერთის მხრივ არ გავაუფასუროთ  საზოგადოების მორალურ ღირებულებითი სისტემა და საზოგადოებამ როგორც ადამიანთა ერთობამ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ საკუთარ თავს. ხოლო მეორეს მხრივ, არ გავხადოთ პანთეონი იმგვარ ადგილად, რომ გენიოსად შერაცხვის სიმარტივით, ნებისმიერ საზოგადოებისთვის  ცნობილ ადამიანს სიცოცხლეშივე გავუჩინოთ ამბიცია და საიქიო ცხოვრებაში, სააქაო სახელზე ზრუნვის მერკანტილური მიზანი  –  პანთეონში  სამუდამო დამკვიდრება.  ანუ პანთეონი უნდა იყოს ადგილი  აღიარებულ გენიოსთათვის და არა გენიოსად აღიარებისთვის. 

სამწუხაროდ,  საქართველოში  ეს უკანასკნელია დამკვიდრებული.   კარგად გვახსოვს,  არც თუ დიდი ხნის წინ, მახათას მთაზე ახალი პანთეონის გახსნის ინიციატივას, როგორ აღშფოთებით შეხვდა, თავისი ჭკუით ,,საპანთეონო“ ხალხი. მგონია, რომ იმ მიდგომებით, რაზეც ზევით მოგახსენეთ, არცერთი მათგანი არ იმსახურებს  პანთეონს. თორემ დღეს დამკვიდრებული სტანდარტებით, პანთეონში შესწრებაზეა საქმე.

გაგიკვირდებათ და დღესაც აქტუალურია ,,წითელი ინტელიგენციის“ ფენომენი.  ჩვენ ვიცით, რომ  საბჭოთა კავშირში განსაკუთრებული წარმატებით იქმნებოდა მითები, ყალბი პარალელური რეალობა (როგორც დღეს ტვ იმედი, ტროლები, სამთავრობო პოლიტიკოსები, მოსყიდული ცნობილი სახეები და ა.შ.), სხვადასხვა კასტა, კლასები,  რომლებიც  სხვადასხვა ინტერესის  მასების მართვის ინსტრუმენტებს წარმოადგენდა.  ასე შეიქმნა ელიტური წითელი ინტელიგენციაც.  რომლის  წარმომადგენლები წარმატებას აღწევდნენ სახელმწიფოს ხოტბით ან მასთან სხვაგვარი გარიგების წყალობით (ნახევარი მათგანი კგბ აგენტი იყო). და შემდგომ  მათი ცნობადობა გამოყენებული იყო  საბჭოთა ბელადების გაღმერთების  და ზოგადად შექმნილი  ყალბი სივრცის/ რეალობის  შენარჩუნებისათვის (თანამედროვე ენით რომ ვთქვათ საქმე გვაქვს, არავირტუალურ – წითელ ტროლებთან,ბოტებთან). აგრეთვე კარგად უნდა გვახსოვდეს, როგორ იქნა დახვრეტილი, ნაწამები და  განადგურებული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი. მოაზროვნე პატრიოტი ადამიანები, რომლებიც    არ ეგუებოდნენ ოკუპაციას და ებრძოდნენ  საბჭოთა კავშირს. ამიტომ სარგებლობდნენ კომფორმისტი, არცთუ მთლად ნიჭიერი ,,წითელი ინტელიგენციის“ წარმომადგენლები სახელმწიფოს მხარდაჭერით და განსაკუთრებული პრივილეგიებით. პანთეონების მიმართ გადამეტებული ყურადღება ამ ხაზის ლოგიკური დასასრულია.  მგონია, რომ ამ პერიოდში პანთეონებს, ძირითადად, ხალხის აზრზე ,,არმოსვლის“ დანიშნულება უფრო ჰქონდა, ვიდრე  ეროვნული ღირებულებითი დატვირთვა.  ამ ინერციით მოვიდა ეს ტენდენცია აქამდე და კიდევ ლამობს სივრცის გარღვევას მომავალში.  ეს ზუსტად ის ხალხია, რომელსაც დიადი ბელადი ,,ლეღვის ჩირივით გამომშრალი“ უწევთ მავზოლეუმში. სწორედ  ის ხალხია, ვინც ხოტბას ასხამდა ბელადებს და დღესაც ,,ორმოზდარვას“ ძახილი ჰგონიათ საზოგადო მოღვაწის შინაარსობრივი დატვირთვა. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ მათ არ შეუქმნიათ არაფერი ღირებული იმ ხალხისთვის, ვისგანაც პანთეონში  განთავსებას და დიდების შარავანდედს ითხოვენ. პირიქით, სწორედ მათ განაპირობეს ხალხის ამ წუმპეში არსებობის მდგრადობა და ამ ფონზე საუკუნო დიდებას ითხოვენ ისე თავხედურად, რომ პანთეონსაც თვითონ ირჩვენ  მანძილის და  განთავსების პრესტიჟულობის მიხედვით.

  ძია ლენინი ვახსენეთ და ალბათ უნდა ითქვას  ისიც, რომ სწორედ ძია ლენინის  ნაკვალევმა განაპირობა 6000 მეტი ”გენიოსის” ყოფნა პანთეონებში. ძია ლენინის ნაკვალევი მგონია, სეპარატისტული პეტიციაც ოზურგეთში პანთეონის გახნის შესახებ. ( თან ორის)

გაკვირვებას უნდა იწვევდეს, თავის სფეროში პროფესიონალი ექიმის, მეცნიერის, მეხანძრის, მასწავლებელის, მექანიკოსის, ინჟინერის, არქიტექტორის და ა.შ.  პანთეონში დაკრძალვის  აუცილებლობა.  განა ჩვეულებრივ  ფაქტად არ უნდა აღვიქვამდეთ ადამიანს რომელიც, პროფესიონალურად ასრულებს თავის საქმეს?! განვითარებულ ქვეყანაში/საზოგადოებაში რა არის იმაში განსაკუთრებული, რომ ადამიანი ამა თუ იმ სფეროში კვალიფიციურად და წარმატებულად საქმიანობს?! 

გეტყვით-არაფერი. პირიქით ეს ძალიან  ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს, მაგრამ ნაქებმა ,,საბჭოთა განათლების სისტემამ“  რატომღაც  ეს ვერ უზრუნველყო.

აი რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი თავის სტატიაში – „დასაფლავება მთაწმინდაზე „რა პრესტიჟულია, ხო აზრზე ხარ“?!“

 “საფრანგეთს აქვს პანთეონი. ესაა არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი, ფრანგული კლასიციზმის ნიმუში, ლათინურ კვარტალში, პარიზში. თავდაპირველად, როგორც ვთქვით, ეს იყო წმინდა ჟენევიევას ტაძარი, ახლა კი ეს არის გამოჩენილი ფრანგი ადამიანების განსასვენებელი. პანთეონს აქვს წარწერა – „მადლიერი სამშობლო დიდ ადამიანებს“. ესაა ძალიან პომპეზური, კლასიციზმის ძეგლი, რომელიც წმინდა ჟენევიევას სააბატოში არქიტექტორმა სუფლომ რომაული პანთეონის მაგალითზე ააშენა. აი ვინ მოხვდა ამ პანთეონში:მირაბო, ცნობილი ორატორი, მოღვაწე, რომლის ნეშტი პანთეონიდან 1794 წელს, დაკრძალვიდან 3 წლის შემდეგ გადაასვენეს.ვოლტერი, მარატი (რომლის ნაშთიც მოგვიანებით გააქრეს პანთეონიდან), ჟან-ჟაკ რუსო, ჟან პიერ სერი, დურაცო, ემანუელ კრეტე, ჟან ლანი (საფრანგეთის მარშალი) და ა.შ.

აი ასეთი ხალხი – ძირითადად, პოლიტიკოსები, მოღვაწეები, გენერლები. ძალიან ცოტაა მწერალი, მაგალითად: ვიქტორ ჰიუგო, ემილ ზოლა, ანდრე მალრო, სულ ბოლოს, 2002 წელს კი, ალექსანდრე დიუმა – მისი გარდაცვალებიდან 132 წლის შემდეგ!

ახლა შეადარეთ ჩვენს ვითარებას – რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან განსხვავებულია! ჰიუგოს, ალექსანდრე დიუმას და ზოლას დონის მწერლები ჩვენ კი გვყავს, მაგრამ უამრავი ვინმეა ისეთი, ვინც ამ ხალხთან კი არა, საერთოდ მწერლობასთან, მეცნიერებასთან ცოტა მწყრალად იყო, მაგრამ მაინც აღმოჩდა მთაწმინდაზე. შეიძლება ითქვას, საფრანგეთს ცხვირი მოვხოცეთ. იტალიაზე აღარაფერს ვამბობ, იტალიურ პანთეონში მოხვედრა ხომ ზღაპარია, იქ ხომ დანტეც კი ვერ მოხვდა…”

რა თქმა უნდა  ჩვენ  გენიოსების  მხრივ საამაყოდ გვაქვს საქმე. ნამდვილ მოაზროვნეებს ვგულისხმობ. ადამიანებს რომელთა, საუკუნეების წინ  ნააზრევი და ნაკეთები საქმე, დღესაც განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ჩვენს ღირებულებებს და უკეთესი მომავლის გზას გვაჩვენებს.  ეს ადამიანები განისვენებენ  პანთეონში. თუმცა ამავდროულად, პანთეონებში განისვენებენ ადამიანები, რომელთა იქ არსებობით, უპირველესად  ჩირქი მოვცხეთ ჩვენს  ღირსებას და შემდგომ ამისა,  შეურაცხყოფა მივაყენეთ  ჩვენი ისტორიის უდიდეს ადამიანებს.   საილუსტრაციოდ,  ვნახოთ ვინ არიან ესენი. მთაწმინდის პანთეონში, ილიას მხარეს დაკრძალული იყვნენ კომუნისტები:

** ,, ა) სიმონ ჯუღელი-თბილისის მუშათა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე,  ის პირველი გამოჩენილი ბოლშევიკი გახლდათ, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გარდაიცვალა;

ბ) სილიბისტრო თოდრია – სიცოცხლის ბოლოს, თოდრია ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი გახლდათ და სახელი იმით გაითქვა, რომ საქართველოში ანტირელიგიურ კამპანიას მეთაურობდა. წლების განმავლობაში, იგი უღმერთოთა კავშირის ბეჭდვითი ორგანოს – „მებრძოლი უღმერთოს“ რედაქტორიც იყო. პარადოქსული ის იყო, რომ ადამიანი, რომელიც ბიბლიაზე ბინძურ წერილებს წერდა და ეკლესიების ნგრევას ემსახურებოდა, ეკლესიის ეზოში დაიკრძალა. თოდრიას საფლავი, ილიას სიახლოვეს მოაწყვეს, რაც კომუნისტების მხრიდან მიზანმიმართულად გაკეთდა: ილიას ახლოს დაკრძალული ადამიანების ნეშტებით ისინი ქვეყანაზე მზრუნველი მოღვაწეების იმიჯს უქმნიდნენ გარდაცვლილებს.

გ) ფილიპე მახარაძე -შულავერის კომიტეტის წევრი, საქართველოს რევკომის თავმჯდომარე. იგი ილიას პირდაპირ დაკრძალეს. ასეთი ფაქტი მსოფლიო პანთეონთა ისტორიას არ ახსოვს და ქართველები ამაშიც პირველები არიან: მკვლელი და მისი მსხვერპლი, ორივენი საყოველთაო დიდებით იყვნენ შემოსილნი და ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით განისვენებდნენ..“.

მთაწმინდაზეა, აგრეთვე დაკრძალული, იოსებ  ჯუღაშვილის (სტალინის) დედა – კეკე მგელაძე (რა დამსახურებისთვის, ძნელი მისახვედრი არ არის).

დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ანუ დიდუბის პანთეონში განისვენებს გარეწარი, ტერორისტი ჯაბა იოსელიანი. რომელიც ამავე დროს  დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით.  აქვე განისვენებს  გურანდა გაბუნია, რომლის  საზოგადო მოღვაწეობა სულელური (ოღონდ მართლა სულელური, ზოგჯერ სიძულვილის ენითაც) განცხადებების კეთებით და რომელიმე ოლიგარქის და/ან პოლიტიკური ჯგუფის დაქირავებული აქტივიზმით  ამოიწურება (მე ასე დამამახსოვრდა. ცხადია, წამიკითხავს მისი სამსახიობო მონაცემების შესახებ. ეს არაფერს ნიშნავს. ამ შემთხვევაში ვაფასებ საზოგადო მოღვაწის კონტექსტით).   და კიდევ უამრავი სხვაც. იგივე შეიძლება ითქვას თენგიზ სიგუას  სიონში გადასვენებასთან დაკავშირებით.

პანთეონთა მსგავსი ვითარებაა განდიდების სხვა საშუალებებთან მიმართებაშიც. თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდში  გაუფასურებულ, ვინმე  ოქიტაშვილის  (ხუთათასლარიან) ვარსკვლავთცვენას ან/და პრეზიდენტის მიერ გაცემულ ღირსების ორდენებს და  ზოგიერთ ადრესატს, ვისაც ეს პატივი ერგო,  ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ღირსების ორდენისა და ვარსკვლავის ფასიც, ლარის კურსივით ისტორიული რეგრესის მწვერვალზეა.

და მაინც, რას გულისხმობს ცნება საზოგადო მოღვაწე?.  ჩემი აზრით, სწორედ ამ ცნების  შინაარსის განმარტების და გაგების კრიზისი განაპირობებს  ზემოაღნიშნულ მიდგომებს. 

საზოგადო მოღვაწის ცნების ქვეშ უპირველეს ყოვლისა ალბათ უნდა ვიგულისხმოთ ადამიანი, პროფესიის მიუხედავად, რომელის საქმიანობა, აზროვნება, საჯაროდ გაცხადებული პოზიცია, ნაწარმოები, ფინანსური შესაძლებლობა და ა. შ.  საზოგადოების მორალური, კულტურული თუ სამართლებრივი კულტურის დონის ამაღლებას ემსახურება.  არის პატრიოტი (იცის რომ რუსეთი მტერია, ოკუპანტია). ზრუნავს ადამიანის უფლებების  აღიარებისა და დაცვის უზრუნველყოფისათვის. არ არის შეკრული (ჩვენ რომ გვაქვს ისეთ) პოლიტიკურ სისტემასთან/ხელისუფლებასთან. იბრძვის დამკვიდრებული სტერეოტიპების, კლიშეების, მავნე აზროვნების წინააღმდეგ. ადამიანები რომელთა ნააზრევი, იდეები და გაკეთებული საქმე უძლებს დროს.  (ანუ საქმე ეხება ხშირ შემთხვევაში თავგანწირულ ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ღირებულებები დაუტოვეს მომავალ თაობებს). აგრეთვე, მგონია, რომ  ისინი არ ელტვიან პანთეონებს, ვარსკვლავებს, ორდენებს და ა.შ.  ამიტომ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ,,საზოგადო მოღვაწის“  ცნებას.  არ უნდა გავაუფასუროთ იგი. მაგალითად,  ოდეს  უდიდესად აღიარებული რობერტ სტურუა, რომელიც დღეს, ჩემთვის სიძულვილის ენით მოლაპარაკე ანტისახელმწიფოებრივი  სუბიექტია, ვიღაცისთვის  აუცილებლად იქნება საზოგადო მოღვაწის მაგალითი. თუმცა, რომ დავაკვირდეთ, ამ თვალსაზრისით  დღეს ის არაფერს წარმოადგენს.

ახლა ეს საზოგადოდ არსებული ვითარება მოვარგოთ ოზურგეთს. თქვენ რა გგონიათ რა მოხდება?. 

თავის მხრივ, იდეა  სამართლებრივი პროცედურების ლაბირინთში მოძრაობს. თუმცა ჩვენთვის ამ დრომდე მაინც უცნობია ვინ არის იდეის ავტორი (სტატიებში მოხსენიებულ სახელს და გვარს არ ვგულისხმობ).  არ ვიცით, გახდება თუ არა საკითხი ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი, ე.ი. აპირებს თუ არა ადმინისტრაციული ორგანო ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის საფუძვლიანად შესწავლას. რადგან ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

  არ ვიცით აგრეთვე ავტორ(ებ)ს თავად სურს, ლოკალურ   ისტორიულ სივრცეში ამგვარი იდეით თავის დამკვიდრება თუ ამ იდეის გაჟღერებით მის უკან მდგარი რომელიმე (”ასიწლისმერე”) საპანთეონე მოღვაწე  იქნა გახმოვანებული. იცის თუ არა იდეის ავტორმა (საზოგადოებამ, პეტიციაზე  ოთხასივე  ხელმომწერმა, ან ვინმემ საერთოდ)   ბიუჯეტიდან რა რაოდენობის თანხა იქნება საჭირო  პანთეონის შენახვის და მომსახურებისათვის, დაკრძალვისა და სასაფლაოს მოწყობისთვის.  არ ვიცით იდეის ავტორის ხედვა (საზოგადოების, პეტიციაზე  ოთხასივე  ხელმომწერის, ან ვინმეს საერთოდ)   რა პრობლემას წყვეტს  ეს ინიციატივა. ანუ რა პრობლემას ქმნის პანთეონის არარსებობა და რა გამოუვალი მდგომარეობა შექმნა ამ ფაქტმა. ვინ  ჰყავს ოზურგეთს ისეთი საზოგადო მოღვაწე, რომ მის წინაშე  უპანთეონოდ შევრცხვებით. გარდა ამისა, დასარეგულირებელია ნორმატიული ბაზაც. დასადგენია წესებიც, რადგან  თუ ეს იდეა გავიდა, დარწმუნებული ვარ,  ნახევარი ოზურგეთი პანთეონად გადაიქცევა.

თუ გავითვალისწინებთ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ  შესაცვლელია მიდგომა და პანთეონში დაკრძალვა გარდაცვალებისთანავე კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ   გარდაცვალებიდან გარკვეული პერიოდის  მაგ: 30, 40 ან 50 წლის გასვლის  შემდეგ იყოს შესაძლებელი პანთეონში მოღვაწის გადასვენების შესახებ საკითხის სამსჯელოდ გამოტანა,  თუ ამ აზრს (და ეს სწორი მსჯელობაა) გავყვებით, მაშინ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: ასეთ უკიდურეს სიღარიბეში და ჩამორჩენილ გარემოში, რატომ ვაიძულებთ  მოსახლეობას თავისი  ფულით  (მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტი ხალხის ფულია) უზრუნველყოს ადგილობრივ დონეზე პანთეონის შენახვა. თან გახსნიდან 30 ან მეტი წელი ცარიელი პანთეონის შენახვა რომ მოუწევს მოსახლეობას.  რატომ?!!.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ,,საპანთეონო დეცენტრალიზაციის იდეა“  ოზურგეთში წარმოიშვა თუ  ვუერთდებით უკვე არსებულ ტენდენციას, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ ასეთი არარელევანტური, მატრაკვეცა ინიციატივების. ამიტომაც ვწერ ამ ტექსტს, რომ ვცადო და გასაგებად ავხსნა ამ საკითხისადმი გაუაზრებელი მიდგომის  შედეგები. 

არა მგონია, ადგილობრივი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის არ ჰქონდეს განცდა,  რა საჭიროა პანთეონი ოზურგეთში. უფრო მეტიც, საინტერესო იქნება  ამ თემაზე მომავალი თაობის – წარმატებული სტუდენტების, აბიტურიენტების და ა.შ.  შეფასებები. ისინი ალბათ არ აღფრთოვანდებიან ამ იდეით.  თავისუფალი ხალხი სხვაგვარად ფიქრობს. (ცხადია ობიექტურ პოზიციას გვულისხმობ და არა თხოვნით და ხათრით დაფიქსირებულ პოზიციას, როგორც ეს ხშირად ხდება). ელექტრონულ პეტიციაზე  400 ხელმოწერა არ იშნავს, რომ ეს არის საყოველთაოდ მოწონებული იდეაა.

მიუხედავად ამისა, ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ საკრებულო, რომელმაც ვერ უზრუნველყო, ერთ–ერთი ქუჩის სახელად ოკუპანტი ქვეყნის მთავარი ქალაქის სახელწოდების,  ამავე ოკუპანტთან განმათავისუფლებელ  ბრძოლაში  შეწირული  ბენიამინ ჩხიკვიშვილის  სახელწოდებით ჩანაცვლება,   შეძლებს და  რამე ფორმით წინააღმდეგობას გაუწევს ამ მავნებლურ წამოწყებას.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველამ (ვისაც არ მიგვაჩნია ნორმალურდ ასეთი წამოწყება)  უნდა ვეცადოთ ასეთი ინიციატივების დემონიზება. უნდა  გამოვხატოთ წინააღმდეგობა.   სეპარატისტული განდიდების მანია უნდა გახდეს დასაცინი. რათა  ”საპანთეონო” ხალხმაც (თუ ისინი არსებობენ)  იგრძნოს მორალური წნეხი და  თავისი ამ იდეისადმი  წინააღმდეგობით დამალოს  პანთეონში მოხვედრის სურვილი.

ეს ვინმე კონკრეტულის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი კი არ არის, ან ვინმესთვის ტერიტორიის დამადლება ან რაღაც ამის მსგავსი. არა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამგვარი მიდგომებით და სტანდარტით ჩვენ, როგორც საზოგადოება  ვაკეთებთ განაცხადს,  რას  ვფიქრობთ ჩვენს თავზე, ჩვენს მორალურ, კულტურულ და ა. შ. ღირებულებებზე. რომლიც დღეს გავრცელებული ტენდენციით ძალიან სამარცხვინო ნიშნულთან დგას. ამიტომ მგონია, რომ ვინც არ ვუერთდებით ამ  აღტკინებას სადმე  უნდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი.

უნდა გვესმოდეს, რომ ახლა სხვა დროა. სხვა გამოწვევები. ის მაინც გვაქვს, რომ პირადი დამოკიდებულებების განსაზღვრისას ადამიანები თავისუფლად,  შეფასების სხვა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ.  სახელმწიფოს მითითების გარეშე, თავად წყვეტენ ვინ იმსახურებს ყურადღებას, აღიარებას და პატივისცემას.  და ზოგადად, როგორც წესი, მომავლის საქმეა წარსულის შეფასება. 

და მაინც:

–  იგრძნობა თუ არა ძია ლენინის კვალი, ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრებაში?

– დიახ, გარკვეულ ნაწილში ასეა!

–  სჭირდება თუ არა ოზურგეთს პანთეონი?

– არა !!!!

ბოლოს, ყოველი შემთხვევისთვის, ოლიგარქ(ებ)ზე  განდიდებული წარმოდგენის გავრცელებამდე, რომ ვიცოდეთ: გვყავდა ნამდვილი, კლასიკური მეცენატი, ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე – დავით სარაჯიშვილი.

პატივისცემით,

კუკა ბარამიძე.

ანტიკომუნისტი და  ანტიპანთეონისტი  ლიბერტარიანელი.

გამოყენებული სტატიები:

*   ლევან ბერძენიშვილი, სტატია- დასაფლავება მთაწმინდაზე რა პრესტიჟულია ხო აზრზე ხარ?!;  ლიბერალი 2018 წლის 13 თებერვალი.http://liberali.ge/articles/view/34261/dasaflaveba-mtatsmindaze-ra-prestizhulia-kho-azrze-khar

** ლაშა ბერულავა, სტატია- დიადთა სახელებს ამოფარებულ ჩამომთაწმინდებულთა“ ისტორია.https://presa.ge/?m=society&AID=3029