სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

დასასრულის განცდა

დღევანდელი ცხოვრება კინოს დაჩქარებულ კადრს ჰგავს. ვცდილობთ, მაქსიმუმი მოვასწროთ, მაგრამ ხშირად მხოლოდ მინიმუმს ვასწრებთ. დღე გიჟური რიტმით იწყება, ასევე გრძელდება და როცა დღის ბოლოს, საწოლში ვწვებით, ვხვდებით, რომ ბევრი არაფერი გვაქვს გაკეთებული.

ამ რიტმში ყველაზე მეტად წიგნები იჩაგრებიან. წიგნები, რომლებიც უნდა წაგვეკითხა, რომელთა შესახებაც მეგობრისგან მოვისმინეთ ან ინტერნეტში „review” წავიკითხეთ. როგორც დანიელ პენაკი იტყოდა, წიგნის კითხვის დრო მოპარული დროა, აბა ლიტერატურისთვის ოფიციალურად განკუთვნილი დრო ჩვენი დღის რეჟიმში დიდი ხანია აღარ მოიძებნება.

ჯულიან ბარნსის „დასასრულის განცდაც” ასე წავიკითხე. სამსახურიდან გვიან ღამით დაბრუნებული ვკითხულობდი, სანამ ძილის სურვილი თვალებზე სქელ ფარდასავით ჩამომეფარებოდა. მადლობა ღმერთს და ბარნსს, რომ მოცულობით დიდი წიგნი არაა, მაგრამ დიდი სათქმელით არის სავსე და ეს სათქმელი, პრინციპში საკუთარ თავთან აღსარებას ჰგავს.

ეს არის წიგნი დამალული სათქმელების შესახებ. ეს არის წიგნი იმ ცხოვრების შესახებ, რომელსაც ყოველდღიურად ვიგონებთ, უფრო მარტივად არსებობა რომ შევძლოთ და საკუთარი თავის წინაშეც უფრო ღირსეულები წარვდგეთ.

აბა, გაიხსენეთ, თქვენი ცხოვრების რომელიმე მნიშვნელოვანი ისტორია. გონება დაძაბეთ და დაფიქრდით, დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი ზუსტად გახსოვთ? გჯერათ, რომ კონკრეტულ სიტუაციაში სწორედ ისე მოიქეცით, რა ვერსიასაც თქვენი მოგონება ინახავს? ჯულიან ბარნსი სხვანაირად ფიქრობს და ალბათ მისი წიგნის მთავარ გმირს ტონი უებსტერს საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზი სწორედ ამიტომ მოუმზადა.

ციტატა: “ხშირად გვიწევს ხოლმე საკუთარი ცხოვრების ამბის მოყოლა? რამდენად ხშირად ვასწორებთ, ვალამაზებთ, ვაშალაშინებთ? და რაც უფრო დიდხანს გრძელდება ცხოვრება, მით ნაკლები რჩება ჩვენი მონათხრობის დამადასტურებელი ან გამაქარწყლებელი ადამიანების რიცხვი. მათი, ვინც შეგვახსენებდა რომ ჩვენი ცხოვრება მართლა ჩვენი ცხოვრება კი არაა, უბრალოდ ჩვენივე მონათხრობია მის შესახებ. სხვებისთვისაც, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის მონათხრობი. ”

ჰო, „დასასრულის განცდის” მთავარი გმირი ინგლისელი ტონი უებსტერია, კაცი, რომელიც ახალგაზრდობიდანვე უშფოთველად ცხოვრებას ნატრობდა. არასდროს აინტერესებდა გმირული თავგადასავლები, სამყაროს მიმართ ამბოხი ან რამე ახლის შექმნა, საშუალო სტატისტიკური ყოფა სურდა და შეძლო კიდეც ცხოვრების ასე მოწყობა, სანამ სიბერეში ახალგაზრდობის თითქმის დავიწყებულმა ისტორიამ მისი ცხოვრების ყველა ღრიჭოში არ დაიწყო დენა.

ამის შემდეგ კი იწყება სრულიად განსაკუთრებული ამბავი, რომელმაც შეუძლებელია ყველა ჩვენგანი ერთდროულად არ განაცვიფროს და შეაშფოთოს. საკუთარ ცხოვრებაზე არ დაგვაფიქროს და გონების თვალით უცებ არ გადაგვაქექინოს ჩვენი წარსული, სადმე რამე ხომ არ ჩაგვიდენია, ვინმე ხომ არ დაგვიზიანებია, არასათანადოდ ხომ არ მოვქცეულვართ?!

წარსულის დიდ შემობრუნებას ბარნსი საკმაოდ შთამბეჭდავად აღწერს.

ციტატა: “ახალგაზრდობაში შენი ჯერაც ხანმოკლე ცხოვრება მისხალ-მისხალ გახსოვს. მერე და მერე კი მახსოვრობა იძენძება და ქუცმაცდება. ცოტათი თვითმფრინავის შავ ყუთსაც წააგავს, კატასტროფის მატიანეს. ვიდრე ყველაფერი რიგზეა, ჩანაწერი თავისთავად იშლება. თუ კატასტროფა განიცადე, ამის მიზეზები ნათელი გახდება. ”

წიგნის განსაკუთრებული ხიბლი ბოლოს გახსნილი კვანძია, მსგავსი ილუზია კითხვის დროს რამდენჯერმე გვაქვს. გვგონია, რომ აი, ამოვხსენით და გავერკვიეთ, სინამდვილეში რა მომხდარა. თუმცა ეს ილუზია წიგნის ბოლოს მთელი სიცხადით გვემსხვრევა თავზე და მხოლოდ დასასრულისკენ ვხვდებით, სინამდვილეში რაში ყოფილა საქმე. ჩვენი საქმე ამ შემთხვევაში ტონი უებსტერისას ჰგავს. მასაც ასე ეუბნება ხოლმე ყოფილი მეგობარი ქალი ”შენ მაინც ვერაფერს მიხვდი, ტონი”; საბოლოოდ, კი ტონიც და ჩვენც ერთდროულად ვხვდებით ყველაფერს ერთად – მთელი თავისი სიცხადით.

კონკრეტულად რა მოხდა, ახალგაზრდობის რომელი ისტორია შეეფეთა ბებერ ტონი უებსტერს, რომელმაც სრულიად გაოგნებული დატოვა თავადაც და მკითხველებიც, ამ შესანიშნავ წიგნში წაიკითხავთ. წიგნში, რომელმაც 2011 წელს ბუკერის პრემია სრულიად დამსახურებულად აიღო.

„დასასრულის განცდის” მიხედვით 2017 წელს გადაიღეს ფილმიც, თუმცა ეკრანიზაციის ბედი ისე განვითარდა, როგორც ერთი დიდი რეჟისორი ამბობდა: „კარგი წიგნის მიხედვით საუკეთესო ფილმის გადაღება შეიძლება, მაგრამ საუკეთესო წიგნის მიხედვით მხოლოდ კარგი ფილმის გადაღებაა შესაძლებელი”

არსებობს წიგნები, რომელთა მასშტაბები მხოლოდ კითხვის პროცესით შეიძლება აღიქვა და შეიგრძნო, მათ მიხედვით გადაღებული ფილმები კი, როგორც წესი, აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია. „დასასრულის განცდაც” მათ რიგს მიეკუთვნება.

თამთა დოლიძე