სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

იესოს ბავშვობა – მაქსველ კუტზეე

წუთით, იქნებ იესო ქრისტეს ბავშვობა წარმოიდგინოთ…როგორიც არ უნდა იყოს თქვენ მიერ წარმოდგენილი პატარა იესო, ის მაინც არ ემსგავსება ამ წიგნის ყდაზე გამოსახულ ბავშვს. არადა ეს ბავშვიც იესოა. დიდი უკმეხი და უცნაური კაცის, მაგრამ ძალიან დიდი მწერლის ჯონ მაქსველ კუტზეეს მიერ წარმოდგენილი იესო ქრისტე.

წიგნი ყველა იმ მოლოდინს აცრუებს, რომელიც სათაურმა „იესოს ბავშვობა” შეიძლება შეგვიქმნას. მოქმედება გაურკვეველ მომავალში ვითარდება, სადაც, როგორც ჩანს, ადამიანები დიდი კატასტროფის შემდეგ ცხოვრებას ახლიდან იწყებენ. ამ სამყაროში თითოეულ ადამიანს მეხსიერება წაშლილი აქვს და ნერვებისმოშლამდე მშვიდები, გულუბრყვილონი და სტაბილურები არიან.

წიგნის მთავარი გმირი პატარა დეივიდია, რომელზეც უფროსი მეგობარი საიმონი ზრუნავს. დეივიდი და საიმონი, ესპანურენოვან ქალაქში ნავით შემოდიან. როგორც ჩანს, უკან ჩვეულებრივი ადამიანური სამყარო დატოვეს, სადაც კატასტროფა მოხდა და ახალ ადგილას ცხოვრებას ნულიდან იწყებენ. საიმონი უცხო ქალაქში დეივიდის დედას ეძებს და საბოლოოდ, როგორ გადაწყვეტს ამ საკითხს, წიგნშივე ნახავთ.
თუ კუტზეეს მწირ მინიშნებებს მივყვებით, დეივიდი იესოს ანალოგიაა, საიმონი კი მამა ღმერთად შეიძლება განვიხილოთ. მით უმეტეს, რომ საიმონი ერთადერთია, რომელსაც ახალი ცხოვრება დისკომფორტს უქმნის. ახალ, მშვიდ და სტანდარტულ ყოფას, რომელიც ყველას ერთნაირი აქვს, ვერაფრით ეგუება. ძველი ცხოვრება არც საიმონს ახსოვს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, რაღაც არ ასვენებს და ეს რაღაც „მეხსიერებაა, ოდესღაც მეხსიერების ქონის შესახებ”.

დეივიდი საკმაოდ ჯიუტი და თავისებური ბიჭია. მიუხედავად იმისა, რომ იესოს ალუზიად ითვლება, ყველასთან შეიძლება ჰქონდეს საერთო, გარდა იესოსი, რომლის ბავშვობაც ალბათ ყველას სრულიად მაღალზნეობრივ კრიტერიუმებში წარმოგვედგინა. ამიტომაც მომწონს წიგნის ინგლისურენოვანი გამოცემის ყდა, რომელიც პოსტის დასაწყისში გიჩვენეთ, განსხვავებით ქართული გამოცემისგან, რომლის ყდაც, შეიძლება ითქვას, ინდობს ჩვენს წარმოდგენებს იესოსთან მიმართებაში 


საინტერესო და ამაღელვებელია ფაქტი, რომ დეივიდის საყვარელი წიგნი „დონ კიხოტია”, კითხვას სწორედ ამ წიგნის მეშვეობით სწავლობს. პირადად ჩემთვის თვითონ დონ კიხოტი ისედაც ლიტერატურული იესო ქრისტეა და ამ პერსონაჟის დაკავშირება კუტზეეს იესოსთან, ჩემთვის მნიშვნელოვანი და ბევრი რამის მანიშნებელი ნიუანსი იყო.

დაკვირვებული მკითხველი აუცილებლად შეამჩნევს ბიბლიურ ალუზიებს, რომელიც წიგნში არაერთხელ გვხვდება. მაგრამ კითხვის დასასრულამდე გვაქვს მოლოდინი, რომ წიგნში ნამდვილი წინაქრისტიანული სამყარო გამოჩნდება და ბოლოსდაბოლოს მაქსველ კუტზეს „დაპირება-სათაური” სიმართლე გახდება. მაგრამ წიგნი ბოლომდე ანტიუტოპიურ სამყაროში გვტოვებს და როცა კითხვას ვამთავრებთ, შეგრძნება გაქვს, თითქოს შენც ამ სამყაროში ცხოვრობდი და როგორც იქნა, თავი დააღწიე მას.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, თუ ოდესმე ამ წიგნის წინასწარმეტყველების თანახმად, ჩვენი ყოფა-ცხოვრების ეს ფორმა საკუთარ თავს ამოწურავს და მამა ღმერთი კვლავ გადაწყვეტს იესო დედამიწაზე მეორედ გამოგზავნოს, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება, როგორც ამ წიგნშია აღწერილი. იესო თავნება და ჯიუტი ბავშვი იქნება, პირში თითით, რომელიც კითხვას „დონ კიხოტით” ისწავლის.

ჯონ მაქსველ კუტზეე – დიდი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. წარმოშობით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. როგორც ამბობენ, საკმაოდ რთული და ჩაკეტილი ადამიანი, კაცი, რომელსაც ბუკერის პრემია ორჯერ მიანიჭეს და მის ასაღებად არცერთ ცერემონიალზე არ გამოცხადებულა. ცნობილი ვეგეტარიანელი და ცხოველთა უფლებების დამცველი. მთელი ცხოვრება იბრძოდა აპართეიდის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც სამშობლოში მისი გულშემატკივრობით მოსულმა მთავრობამ ამ მიმართულებით იმედები გაუცრუა, უარი თქვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეობაზე და დღეს ის ავსტრალიის მოქალაქეა. საინტერესოა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე უარი ვერც იმ ჯილდომ ათქმევინა, რომელიც სამშობლოში „მსოფლიო სცენაზე სამხრეთ აფრიკის გამოყვანისთვის” მიანიჭეს.
მის კალამს ეკუთვის 16 რომანი, მათ შორის „სირცხვილი” და „მაიკლ კეის ცხოვრება და დროება” და როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ის იშვიათი მწერალია, რომელსაც ყველა ნაწარმოები თანაბრად ძლიერი გამოუვიდა.