სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

კუნდერას აუტანელი ყოფიერება…

ჩეხეთი ჩემი ქვეყანაა…ჩემი პირველი ”საზღვარგარეთი”…ამიტომაც ვერ ავიტანდი პირველი ჩეხი მწერლის ნაწარმოებს, რომელსაც წავიკითხავდი, პრაღის ის სურნელი არ ხლებოდა,რომელიც მაშინ ამ ლამაზი ქალაქიდან წამოვიღე.

ოკუპირებული ჩეხეთი და რიგითი ჩეხები. პროტესტით ანთებულები, გაბრაზებულები და შურისძიებით სავსენი. ისინი დაგროვილ ბრაზს სხვანაირად გამოხატავენ..თუ ქართველი გოგონები ასეთ შემთხვევაში ბრძოლაში ებმებოდნენ, მედდებად მიდიოდნენ ან იატაკქვეშა საქმიანობას ეწეოდნენ, ჩეხი გოგონები სექსუალურად დიდი ხნის დაუკმაყოფილებელი რუსი ჯარისკაცების წინ ქუჩაში პირველივე შემხვედრს კოცნიან…განგებ აღიზიანებენ ისედაც გაღიზიანებულ რუსებს და ამით ოკუპანტებისადმი ზიზღს სხვანაირად, ქალური ხერხით გამოხატავენ.

ოკუპაციის ფონზე ავითარებს კუნდერა წიგნის მთავარი პერსონაჟების – ტომაშისა და ტერეზას სიყვარულის უცნაურ ისტორიას. თავიდან თუ ფიქრობ, რომ ომის ფონზე განვითარებული რომანტიკული ისტორიის კითხვას იწყებ, მალე ხვდები რომ წინათგრძნობებით, გარდაუვალობისა და განმეორების მარადიულობით, სიზმრებითა და ბოდვებით აღსავსე წიგნი ჩაგივარდა ხელში. რომელიც უნდა შეიგრძნო. ტერეზას სიზმრებიც უნდა ახსნა და დაიჯერო. ტომაშის ყოველდღიურ სექსუალურ ღალატში მორალური სიწმინდეც უნდა დაინახო და სამკუთხედის ყველაზე უცნაური კუთხის, ტომაშის ყოფილი საყვარლის – მხატვარი რებეკას ისეთი პატრიოტიზმიც უნდა გაიგო, თავის ქვეყანას ამერიკაში რომ ემალება, თანამემამულეებს გაურბის და ჩეხად მაინც ბოლომდე რჩება, სადღაც გულის სიღრმეში.

არ ვიცი რამდენად საინტერესოდ მოგიყევით, რამდენად დაგაჯერეთ რომ ღირს ამ წიგნის წაკითხვა, თუმცა გარისკვა შეიძლება…

“მიღებული გადაწყვეტილების სისწორის შემოწმება შეუძლებელია, რადგან არ გვაქვს საშუალება, რამეს შევადაროთ. ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და თანაც სრულიად მოუმზადებლად.ის მსახიობს ჰგავს, რომელიც ურეპეტიციოდ თამაშობს როლს. რად ღირს ეს ცხოვრება, თუ პირველი რეპეტიცია ცხოვრებისათვის თვით ცხოვრებაა? ამიტომაც არის, რომ ცხოვრება ყოველთვის ესკიზს წააგავს. თუმცა სიტყვა “ესკიზი” არ გამოხატავს არსს, რადგან ის რაღაცის ჩანახატია, მზადებაა მომავალი ნახატისთვის, ჩვენი ცხოვრება კი ესკიზია, რომელიც არაფრის ჩანახატს არ წარმოადგენს და რომელიც არასოდეს იქცევა ნახატად.”