სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

იყო ასეთი გამოთქმა-ძალა აწვება და ჭკუა ჰგონიაო

(დაწერილია 14 ივნისს)

   თუ სწორად შევხედავთ საპატრიარქოს მიერ  დღეს გავრცელებულ განცხადებას , დავინახავთ, რომ  ეს პოზიცია  ახალისებს ძალადობას. უფრო მეტიც  პირდაპირ  ძალადობისკენ მოწოდებაა.

    სამწუხაროა, რომ  საპატრიარქო როგორც  ინსტიტუტი  ცდება თავისი  საქმიანობის სფეროს და ემსგავსება  ,,დამსჯელ ორგანიზაციას“ (სხვა ტერმინები არ მინდა გამოვიყენო).

        უფრო სამწუხაროა, რომ  ასეთ განცხადებებს უპირობო ჭეშმარიტებად განიხილავს  ე.წ. საზოგადოების უმრავლესობა და  ,, წმინდა ძალადობას“  გულანთებული ახორციელებს.

     ღმერთის სახელით ასეთი   მოწოდებები  უფრო დიდი ბოროტება მგონია ღვთის  წინაშე ვიდრე რომელიმე  პრაიდი.

ამორალურია, როცა რაღაც ნაწილის მხარდაჭერას გრძნობ და თავი ყველაზე ჭკვიანი გგონია. და მერე ცდილობ ეს მხარდაჭერა დამსჯელ ძალად ჩამოაყალიბო. ასეთ ვითარებაზე ითქმის სწორედ; ძალა გაწვება და ჭკუა გგონიაო. (ერთგვარი სლენგი)

       ასევე გასაგები უნდა იყოს  ყველასთვის, რომ  თავად ამ ღონისძიების  დაცვა კი არ არის  მისი გამართვის წინააღმდეგ არ გამოსვლა, არამედ  ასეთი პოზიციით, უპირობოდ, დაცული უნდა იქნეს პიროვნების გამოხატვის თავისუფლება.

     თავის მხრივ გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური  უფლება და უზენაესი ღირებულება.  საზოგადოების ნებისმიერი წევრის გამოხატვის თავისუფლება (თავის თავში გულისხმობს მშვიდობიანი ფორმით აზრის, იდეის და ა.შ. გავრცელებას)  უნდა იყოს  დაცული. მნიშვნელობა არ აქვს  უმრავლესობას მიეკუთვნება იგი თუ უმცირესობას, სასულიერო პირია თუ საერო და ა.შ.

   გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიის ფუნდამენტი და  უკეთეს საზოგადოებად განვითარების წინაპირობა.  ჩვენ ყველა უნდა ვიცავდეთ ასეთ ფუნდამენტურ უფლებებს.

    უნდა გვესმოდეს, რომ თუ ასეთი ტიპის განცხადებებს  ასე უპირობოდ გავიზიარებთ, ამით გამოვკვებავთ იმ ბნელეთს  და  განუვითარებლობას რომელიც  საკმაოდ ფეხმოკიდებულია. და თუ ეს ასე იქნება,   კიდევ ბევრი წელი ვეგდებით წუმპეში და მოვსპობთ  მომავალს.

    აგრეთვე უნდა გვესმოდეს, რომ  ჩვენ უნდა შევძლოთ განსხვავებული აზრისა და ცხოვრების სტილის და ა.შ. ადამიანებთან/ადამიანთა ჯგუფებთან, უმცირესობებთან და უმრავლესობებთან ერთად, ერთ საზოგადოებად მშვიდობიანი თანაცხოვრება. ეს  უალტერნატოვოა!

    თუ დღეს გავამართლებთ ვინმეს მიმართ (რაც არ უნდა მიუღებელი იყოს  ჩვენთვის ეს ვინმე)   ძალადობას ხვალ ეს ძალადობა უფრო ძლიერი, მთელი ძალით  უკან  მოგვიბრუნდება.

   სახელმწიფო ვალდებულია უზრუნვლყოს  კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა.

    ჰოდა, ნუ შეგვეცით ამ ფაშიტური განცხადებებით და ძალადობის წახალისებით ნურც ერმა, ნურც ბერმა, ნურც მღვდელმა, ნურც პრაიდმა და ყველამ ვინც  ,,დედამ შვილი დაწყევლა“.

   თქვენ  ,,იოპერირეთ“ თქვენს სივრცეში და  მიეცით საშუალება სხვამაც  იგივე აკეთოს თავიანთ სივრცეში.    ,,სივრცე ყველასია ძმაო!“

  მეც ბევრი რამე არ მომწონს ამ ქვეყანაში, თუმცა, პირველ რიგში,   ვგმობ ძალადობას და ვიცავ  სხვების გამოხატვის თავისუფლებას.  ეს უნდა ვისწავლოთ.

მეტი თავისუფლება ერთადერთი სწორი არჩევანია!