სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

დედებს, რომელთა ბავშვები ვერ დაიბადნენ

ექიმმა დანანებით გააქნია თავი და მითხრა, ჩემი ბავშვი ყვავილად გადაქცეულა.

მისი ექოსკოპიის აპარატმა თქვა, რომ ჩემი ბავშვი ამდგარა და ჩემივე მუცელში სისხლის ყვავილად გაფურჩქნულა,

ექიმმა და ექოსკოპიის აპარატმა ერთად დაასკვნეს, რომ

უკვე სამი კვირაა მუცლით ბავშვს კი არა ამ სისხლიან ყვავილს ვატარებ.

ექოსკოპიის ფურცელზე ასე ეწერა :

“პაციენტი, რომელიც შვილის გაჩენამდე დღეებს ითვლიდა,

სახელს არჩევდა და იანვრის მეცხრე თვეს ელოდა,

მოულოდნელად ბავშვის კი არა ყვავილის დედა აღმოჩნდა.

ყვავილი უკვე მუცელში ვეღარ დაიცდის და დროა, სამედიცინო ტაშტში გადმოირგოს.”

ღმერთო, მე ბევრი ვიწვალე, ღმერთო, მე ბევრი ვიცადე, სანამ ჩემს მუცელში სასწაული მოხდებოდა და როცა ის მოხდა,

მე თვითონ მოვისმინე, როგორ პასუხობდა სამყაროს დიად რიტმს ჩემი შვილი წუთში 130 ჯერ.

ჰოდა, ახლა როცა ცრემლებივით ბევრი შეკითხვა მაქვს ღმერთო,

როცა არ ვიცი, სად მიდიან ბავშვები, რომელთაც სხეული არა აქვთ და მხოლოდ გულები არიან,

რახან ჩემი მოცახცახე საშოდან წამოსულ დაღუპულ სიცოცხლეს ერთი პასუხიც კი არ გამოჰყოლია,

მხოლოდ ერთს გთხოვ:

მე არასდროს მიმიძღვნია საჩუქარი დედაშენისთვის, ვერასოდეს ავედევნე იმ ქალებს, რომლებიც მის ხატს ყვავილებით ამკობდნენ.

ამიტომ ახლა, როცა ჩემი შვილის გული სისხლიან ყვავილად გაიფურჩქნა,

მიართვი ეს ყვავილი ღვთისმშობელს ჩემგან და დედამიწაზე მცხოვრები ყველა დედისგან,

რომლებიც ბავშვების ნაცვლად სისხლის ყვავილების დედები გახდნენ.

ღვთისმშობელს ყვავილები უყვარს, ის უპატრონებს….

თამთა დოლიძე