სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

მეორე მიძღვნა ილიკოს

ღმერთო, მთელი ცხოვრებაა დაგეძებდი, ხან ეკლესიაში, ხანაც ღარიბთა სახლებში,

ზოგჯერ ავტობუსის გაჩერებაზე მეშლებოდი ვიღაცაში, ხანაც საყვარლის თვალებში გხედავდი,

ხან ხარირმის დაბერილი ნესტოების სუნთქვა მეგონე, ხანაც ტყის ბილიკი – მოულოდნელად შეწყვეტილი.

წლევანდელ შემოდგომაზე კი როცა ძებნა შევწყვიტე, შენ თვითონ მოხვედი,

როცა ჩემი ჩვილი მკერდზე დამიწვინეს, სწორედ მის წყლიან თვალებში შეგხვდი

და უცებ მივხვდი მთელი ჩემი ცხოვრების მოგზაურობა ამ თვალებამდე მოსასვლელი გზა ყოფილა.

ღმერთო, რამდენი მატარე, რამდენი შეცდომა მომითმინე, რამდენი ბოროტება მაპატიე,

რამდენი სიბრიყვე დაივიწყე და შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს

ჩემი ჩვილის წყლიანი თვალებით გამომეცხადე.

ღმერთო, ეს რანაირი ღმერთი ყოფილხარ, ღმერთო,

ასე როგორ ამავსე შენით, ერთი წვეთი ეჭვისთვისაც რომ არ დამიტოვე ადგილი,

ჰოდა, ვლიცლიცებ, როგორც წვიმაში პირთამდე ავსებული ჭურჭელი,

ჩემი ჩვილისთვის რომ დავიღვარო ბოლომდე,

ჩემი ერთი წვეთიც რომ არ დაეკარგოს არცერთ გვალვაში,

მისი კეთილი ხორბალი უნდა გავაღვივო, მისი ცხოვრების მდინარე უნდა ავავსო

და მერე ცარიელი ჭურჭელი ისევ შენ წინაშე უნდა წარვდგე, ღმერთო,

ჩემო საოცარო ღმერთო, ჩემი სწორი პასუხების ღმერთო,

ჩემო წვიმებიანო ღმერთო, ეს რანაირი ღმერთი ყოფილხარ…

თამთა დოლიძე