სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

პირველი მიძღვნა ილიკოს

როცა სამყარო სულ რაღაც 15 დღის არის, როცა ფართო, ხამხამა თვალებზე ბინდია,

ყურს კი ხმაური მხოლოდ შორეულ ხმებად წვდება,

როცა ირგვლივ სიმშრალეა და მშობლიური წყალი არსად ჩანს, რომელშიც მთელი 9 თვე ირწეოდი,

როცა უცხო ქვეყნის დესანტივით უცხო მიწაზე გადმოგსვეს და ათასგვარი მტერი გიტევს,

ყველაზე მეტად კი მუცელში ჰაერის ბრაზიანი ბუშტუკები დარბიან,

როცა ტირი და შენი ტირილის ენა არ ესმით,

როცა იღიმი, მაგრამ ყველა ბრმაა და ყრუ იმის შესაგრძნობად, ვისაც შენ უღიმი,

როცა ფიქრობ, რომ ვერ გაუძლებ ამ უცხო ქვეყანას, ამ უცხო სუნს, უცხო შეხებას, უცხოს ყველაფერს,

მაშინ მოდის კაცი, გრძელი, თბილი მტევნებით, მოდის და მთელ შენს სხეულს, თვალისჩინს და სმენას, ღიმილს და ტირილს ხელისგულებში იქცევს და ამ სამყაროში ყველაზე ნამდვილ სიტყვებს გეჩურჩულება.

ასე გაახლოებს უცხო სამყაროსთან შენ და ასე აახლოებს უცხო სამყაროს შენთან,

ასე ითვლის შენს ღიმილებს მის გრძელ თითებზე, მერე კი სათითაოდ, სათუთად იწყობს ჯიბეებში თითოეულ მათგანს,

ასე აფრთხობს ბრაზიან ბუშტუკებს შენი მუცლიდან,

ღამით კი ოთახში გემივით ირწევა, იმისთვის, რომ ერთადერთი, პაწაწინა მგზავრი კაიუტაში მიაძინოს,

მერე კი მშვიდად დაძინებულს ქუთუთოებზე საგულდაგულოდ შერჩეულ ფერად სიზმრებს გაფენს.

იცოდე, თუ ოდესმე ჩათვლი, რომ მე ვერ გაგიმართლე,

გახსოვდეს, რომ ღმერთმა ორმაგად დაგაჯილდოვა იმ მაღალი, თბილმტევნებიანი კაცით,

რომელსაც ყოველთვის შენახული აქვს შენთვის სამყაროში ყველაზე ნამდვილი სიტყვები.

ეს კი ჩემს არსებობაზე ბევრად მეტია.

თამთა დოლიძე