სტუდია ''ანტიბიოტიკი''

თავისუფალი ადამიანების ჯგუფი

17 მაისი – ფორმა თუ შინაარსი, დღესასწაული თუ მუქარა?!

(იქნებ არ უნდა დამეწერა მაგრამ ვიცი,  რომ  მაპატიებს)

შთამბეჭდავი ფოტოა.  ერთი შეხედვით, გეგონება  ჭიათურაში გაფიცული მუშების მხარდასაჭერად გამართული ან სხვა, ადამიანური სოლიდარობით შთაგონებული  რომელიმე აქციაა გამოსახული ფოტოზე. მაგრამ არა,  ფოტო 2019 წლის 17 მაისს არის გადაღებული და  ოჯახის სიწმინდის თუ სიმტკიცის დღესასწაულთან დაკავშირებულ მსვლელობას ასახავს. მართალია, ამ მსვლელობის პარალელურად   ჭიათურაში  მაღაროელთა გაფიცვაა, რომლებიც ,,უტიფრად“ ითხოვენ ხელფასის  გაზრდას და სამუშაო პირობების  გაუმჯობესებას და ამ მოთხოვნით 15 მათგანს შიმშილობაც კი დაუწყია, მაგრამ არა უშავს, უბრალოდ ,,უხერხული“ დამთხვევაა და ასეთი „მომთხოვნი’’ აქციები წმინდა და მტკიცე ოჯახებს სადღესასწაულო განწყობას  ვერ გაგვიფუჭებს.  (ისე კაცმა რომ თქვას რაღა მაინდამაინც  ამ დღეს დაამთხვიეს). ადამიანთა რაოდენობა მართლაც საკმაოდ ბევრია. იმდენად ბევრი, რომ შეიძლება სინდისის ქეჯნაც იგრძნო, თუ ჩვენს ქვეყანას კარგად იცნობ. თუმცა მეორე მხრივ,  ოჯახის  სიწმინდისა და სიმტკიცის დღის  აღნიშნვა  ,,ვიწრო წრეში“  ალბათ ტეხავს, თან ,,ახალ ტენდენციებსაც ხომ არ ჩამოვრჩებით“ მუშაობს. ამიტომ ამჯერად ,,სინდისიც“ და ,,ქენჯნაც“  მოიცდის.

 არაფერი მაქვს ოჯახის, სიწმინდის, სიმტკიცის, აზრის გამოხატვის, თავისუფალი არაძალადობრივი მსვლელობების საწინააღმდეგო.  არც იმ ადამიანების მიმართ  მაქვს პროტესტის გრძნობა ვინც ამ  ე.წ.  დღესასწაულში მონაწილეობს. თუმცა  ვერავინ დამაჯერებს, რომ ამდენ ხალხში არ  იყოს და ოჯახის სიწმინდის დღეს არ აღნიშნავდნენ ოჯახში მოძალადე მამაკაცები და ამავე მამაკაცების მიერ ,,დაბულინგებული“ ქალბატონები. ერთი სიტყვით,  ოჯახში მორალურად და ფიზიკურად  შეურაცხყოფილი  ქალები და კაცები. არც იმის მჯერა, რომ გასულ წელს  ამ დღესასწაულის აღმნიშვნელი  მოძალადე ადამიანები, შემდეგ  წელს უკეთესები ხდებიან, ანუ ამ ზეიმს რამე პოზიტიური გავლენა  ჰქონდეს  მონაწილეებზე ან მსოფლიო წესრიგში  გვმატებდეს  რამეს სასარგებლოს.

მე თუ მკითხავთ, ერთ-ერთი  ყველაზე უშინაარსო და  ყალბი მასშტაბურობაა.  ბევრი ვეძებე, მაგრამ  ვერსად ვიპოვე ამ დღის შინაარსის და დატვირთვის  ახსნა (ყველა თავისებურად ხსნის. მთავარია, დაწესდა და რატომ და რისთვის უსაზღვროდ ინტერპრეტირებადია, თუმცა ინტერპრეტაცია ,,ჩარჩო მოცემულობას“ არ ცდება. ერთი საკითხის სხვადასხვაგვარი გაპრავება მოსულა) 

რა საჭიროა  ოჯახის ცნების ქუჩაში გატანა? რატომ ვხდით ოჯახს მოძალადე ინსტიტუციად?  – იკითხა ვიღაცამ და შეუერთდა,  თუ არ იკითხა და შეუერთდა, ჯამში ერთი ფასი აქვს.  

საინტერესოა, დღესასწაული მიტინგს  რატომ ჰგავს? თავის მხრივ, ამ ყველაფერს ძალადობრივი დატვირთვა უფრო აქვს,  ვიდრე გაცხადებული უწყინარობა. უფრო მუქარაა, ვიდრე ზეიმი.   კონკრეტული ინსტიტუცია და  ადამიანთა  გარკვეული ერთობა, ადამიანთა სხვა ჯგუფებს და ინსტიტუციებს აჩვენებს ძალას. 

საკითხავია, სინამდვილეში რას ვიცავთ ამ ტიპის ღონისძიებით?  რას ნიშნავს წმინდა  ოჯახი, რას ნიშნავს მტკიცე ოჯახი,  არსებობს თუ არა  საყოველთაოდ მიჩნეული  უნივერსალური განსაზღვრება/ცნება,  ვის მიერ არის ჩამოყალიბებული მაგ: წმინდა ოჯახის ან მტკიცე ოჯახის ცნება? რა საფრთხე ექმნება ამ ინსტიტუტებს, რომ აუცილებელი გავხადეთ მისი სახელობის დღის დაწესება?

მე რომ ჩემი ოჯახი მიყვარს, პატივს ვცემ და  ჩემთვის უნივერსალურ და  თითქმის იდეალურ ერთობად ვაღიარებ, მაგრამ ამას ქუჩაში რომ არ აღვნიშნავ, ამით რამენაირად ვაკნინებ ჩემს ოჯახს, სხვასთან შედარებით? ცხადია არა. პირიქით, მჯერა, რომ როგორც კი მე ყველა ამ ღირებულების და ფასეულობის დემონსტრირებას  დავიწყებ სხვა ჯგუფებისთვის (იმ პირობებში როცა ,,ოჯახს“ როგორც ინსტიტუტს რამე საფრთხე არ ემუქრება) არაპირდაპირი  ზეგავლენის მიზნით (რა თქმა უნდა, ეს მიზანი პირდაპირ დეკლარირებული და გაცხადებული არ იქნება, მაგრამ თავის თავში ამას გულისხმობს. 17 მაისიც ასეთ დატვირთვას ატარებს), ყველა ის   ღირებულება და ფასეულობა  იმთავითვე კარგავს  შინააარსს და ხვალიდან  ჩემი ოჯახიც უფრო მოძალადე იქნება, ვიდრე  მისაბაძი.

 დემონსტრაციის, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება  ცალსახად  ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი (მშვიდობიანი) იარაღია.  ჩემი გაგებით, უპირველესად მას პროტესტის ან/და მოთხოვნის  დატვირთვა აქვს.  მიტინგი, აქცია, დემონსტრაცია   ლოგიკური და შინაარსიანია მაშინ, როცა საქმე ეხება დარღვეული უფლებების  აღდგენის მოთხოვნას, რომლის ადრესატი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, თუნდაც უმრავლესობა ან  ხელისუფლების  ორგანოები არიან.  ანუ  შედარებით მცირე ჯგუფების მიერ  ძალაუფლების მქონე ჯგუფის  ან ინსტიტუტის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი და მოთხოვნაა.  მაგრამ როცა  საზოგადოების უმრავლესობა აწყობს დემონსტრაციას, რომლის შინაარსიც მაინდამაინც გასაგები არ არის, უფრო ძალადობის  შინაარსის მატარებელია ვიდრე,  რომელიმე ღირებულების გამომხატველი.

 როგორც ზემოთ აღვნიშნე,  ე.წ. დღესასწაულს სასარგებლო შინაარსობრივი დატვირთვა (ვგულისხმობ  დღესასწაულის გავლენით ოჯაში  ძალადობის შემცირების, ოჯახში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის  ინდექსის პოზიტიური ზრდის   და ა.შ. თვალსაზრისით) არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.  ეს რეალურ ცხოვრებაში სტატისტიკურად არაფერს ცვლის. რაც კვლევებითაც დასტურდება. სწორედ ამიტომ ეს  ღონისძიება  ჰომოფობიური დატვირთვის მატარებელი გახდა.  მონაწილეთა გარკვეული პროცენტი თავსაც იტყუებს  და ატყუებს თანამოაზრესაც.  ამიტომაც  მონაწილე ადამიანების დიდი ნაწილი  ქმნის  გაუაზრებელ ერთობას, რომელიც  გარკვეული თვალსაზრისით იარაღად გამოყენების მაღალი რისკის მატარებელია და  სინამდვილეში  ხშირ  შემთხვევაში იარაღადაც გამოყენებულია  კიდეც.

თუ  ერთმანეთს შევადარებთ ჭიათურაში მუშების ზემოთხსენებულ  გაფიცვას და  ამ დემონსტრაციას, ალბათ ძნელი არ იქნება, გაიმიჯნოს რომელი მათგანი უფრო ემსახურება ოჯახის  დაცვას და ძლიერებას.

არანაირი საფრთხე ოჯახის ინსტიტუტს ,,ევროპული აზროვნებით“ არ ემუქრება. ევროპა ქართველობას  ვერ წაგვართმევს.  საქართველოს ისტორია გაჯერებულია  ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დამკვიდრების,  ძირითადი ევროპული ღირებულებების  ჩასახვის და  განხორციელების მაგალითებით:

იხილეთ აქ

ასევე, აქ, აქაც და აქაც

და ეს ხდებოდა იმ დროს, როცა  ზოგიერთი  იდეა ევროპაში გაცილებით გვიან, ბევრი წლის შემდეგ დამკვიდრდა. ევროპა თავად  ავიდა  ამ სიმაღლეზე და ახლა აქეთ ცდილობს გვასწავლოს ის რაც მასზე ადრე ჩვენ ვიცოდით, მაგრამ დავივიწყეთ. ამიტომაც  ‘’ქართველობის წართმევა’’  ჩვენი მტრის-  კრემლის ნარატივია (კრემლში კარგად იციან, რა როგორ წაგვართვან. მათ შორის  მენტალური  თვალსაზრისით) და მეტი არაფერი.  ასე, რომ  მასის მართვის  მუზეუმს ოჯახის სიწმინდის დღის სახით კიდევ ერთი  ყოველწლიური ექსპონატი  შეემატა. 

   რაც შემეხება მე, ჩემში პროტესტს იწვევს ყველაფერი ასეთი,  რაც ადამიანის უფლებების და თავისუფლებების   შეზღუდვას და მის წინააღმდეგ  ძალადობას  ამართლებს.   ეს ტექსტიც ერთგვარი პროტესტია, ამიტომაც ვწერ.

   შეზღუდვა და ჩაკეტილი წრე ნიშნავს განუვითარებლობას. მეტი თავისუფალი აზრი, მეტი  არჩევანი, მეტი  რეალიზებული სურვილი, მიზანი, იდეა, მეტი  უყურადღებობა სხვისი პირადი ცხოვრების მიმართ და, ზოგადად, მეტი სიყვარული, ტოლერანტობა  – ამას მივაწვეთ, ნახეთ, რა კაია!

   მაშასადამე   არც ოჯახის სიწმინდის დღე  და არც  ფობიების, არამედ რაღაც სხვა – უფრო მართალი და ჰუმანური !